„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ და „ახალი საქართველოს ლიდერმა“ გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე ისაუბრეს:
„დღეს, ხელისუფლება იჩენს სრულ უპასუხისმგებლობას და ის, რაც ხდება არის სწორედ მის მიერ პროვოცირებული. სწორედ ის არის პასუხისმგებელი შექმნილ კრიზისზე, რომელმაც შეიძლება შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.
ძვირფასო ახალგაზრდებო, დარწმუნებული ვართ, რომ გიყვართ სამშობლო, დარწმუნებული ვართ, რომ გიძგერთ გული საქართველოს მომავლისთვის. გთხოვთ, უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე და ერთიანი ძალებით არაძალდობრივად გადავწყვიტოთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დგანან დღეს რუსთაველის გამზირზე იბრძვიან ძალადობის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის!
მოდით, გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია. ახლა მთავარია ერთიანობა. უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე და ერთიანი ძალებით მოვთხოვოთ ხელისუფლებას პასუხი ძალადობაზე, მოვთხოვოთ პასუხი შექმნილ ვითარებაზე.
მოვითხოვთ ხელისუფლებისგან შეაჩეროს პროვოკაციული ქმედებები და განმუხტოს სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება!“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






