,,ცხადია, ყველა ადამიანი მხარს უჭერს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ბრძოლაში სამართალდამცავებს აქვთ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავად სამართალდამცავებმა რაიმე ფორმით არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა.
ის, რაც მოხდა გუშინ საჭიროებს შესწავლას სხვადასხვა ფორმატით; ეს უნდა შეფასდეს როგორც უფლებადამცველების, ასევე სახალხო დამცველისა და პარლამენტის მხრიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცხადია, უნდა ებრძოლოს დანაშაულს, მათ შორის ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიცაა ნარკოტიკების რეალიზაცია, მაგრამ ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობა'', - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი და ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა გაიაზროს შექმნილი მოცემულობა და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოქალაქეთა უფლებები შეუფერხებლად განხორციელდეს.
,,ის ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ის მძიმე კადრები, რაც ვნახეთ ტელევიზიით და საზოგადოების რეაქცია, რომელიც მოჰყვა ამ ოპერაციას ცხადყოფს, რომ მთელი სპეცოპერაცია დეტალურად და სწრაფად უნდა იყოს შესწავლილი: - როგორც მისი ჩატარების ასპექტები, ასევე შემდგომი მოქმედებები.
განსაკუთრებით, ის, თუ რატომ იყო აუცილებელი სპეცოპერაციის ჩატარება გუშინ, იქ და იმ ადგილას, და იმ ფორმით, როგორც ეს განხორციელდა.
არავინ აყენებს კითხვის ქვეშ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებას და ვალდებულებას, რომ ებრძოლოს ნარკოტიკის უკანონო რეალიზებას, მაგრამ ის, რაც გუშინ ვნახეთ, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს და ამ კითხვებზე საზოგადოებამ უნდა მიიღოს ამომწურავი პასუხები'', - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა აქციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






