პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. ყრილობის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა და ერთ-ერთ მიზეზად ოპოზიციური ძალები დაასახელა.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას ივანიშვილის გამოსვლა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დაბვითაიამ შეაფასა:
„არ მოველოდი მისგან ასეთ სუსტ გამოსვლას, რეალურად მან თქვა, რომ ის დაბრუნდა სამი მიზეზით, პირველი, რომ ძალიან მძიმე ცხოვრებაა, მეორე რომ მისი პარტიის წევრები ერთმანეთს დაერივნენ და მესამე, რომ ეს რუსთავი2-ის, მედიის და ოპოზიციის ბრალია. რეალურად ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს ყველაფერი, რაც მან თქვა არის რუსთავი 2-ისა და ოპოზიციის ბრალი. ცუდი ცხოვრება რომ არის, მისი მთავრობა იყო, ის, რომ ერთმანეთს ხოცავენ, მისი პარტიის წევრები არიან და არა ოპოზიციური პარტიის წევრები, ოპოზიციას რომ გააკრიტიკებს ხელისუფლებას და შეეცდება ხელისუფლებაში მოვიდეს, ეს დემოკრატიული მოვლენაა, ამის წინააღმდეგ გალაშქრება ნიშნავს დემოკრატიის წინააღმდეგ გალაშქრებას. შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანას ვიღაც სხვა მართავს და ეს სხვა გამოჩნდა, ვხედავთ, რომ არსად წასული არ იყო პოლიტიკიდან და მისი ხალხი იყო მოსული ხელისუფლებაში, მისი ხალხი დაერია ერთმანეთს, მისმა მთავრობამ გამოიწვია მძიმე სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. ეს ცალსახად აჩვენებს, რომ ქართული ოცნება არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
ერთადერთი რაც მინდა ბატონ ივანიშვილს ვურჩიო, თუ ის დასკვნებს გააკეთებს რეალურად რა შეცდომები აქვს დაშვებული და არ დაიწყებს გადაბრალებას ოპოზიციაზე, რუსთავი 2-ზე, მაშინ მისი მოსვლა გამართლებული იქნებოდა. თუ მან დაიწყო გადაბრალებამაშინ ძალიან მალე დაამთავრებს მოღვაწეობას საქართველოში, იმიტომ, რომ ხალხი მას ამას არ შეარჩენს. ამიტომ, ვურჩევ აღიაროს თავისი შეცდომები, პასუხი მოსთხოვოს თავის მთავრობის წევრებს და არ გადააბრალოს სხვას. ძალიან სუსტი გამოსვლა იყო, რის გამოც ძალიან გაკვირვებული ვარ“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






