„საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად იცვლება შემდეგი რეგულაცია - საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა. ახლა მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა ასევე 6 წელია. ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, ნაცვლად მუდმივი ცხოვრების ნებართვისა,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მოკლე ვადაში მომზადებისთვის.
მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განიხილება 35 000 $-იანი ზღვრის აწევის საკითხი უძრავ ქონებაზე, რომელიც მოკლევადიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად არის აუცილებელი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იმსჯელებს საინვესტიციო ზღვრის გადასინჯვაზეც.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ღია - ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის და რა თქმა უნდა, ლიბერალური სამიგრაციო კანონმდებლობა ამას ხელს უწყობს. ჩვენ, ამ თვალსაზრისით, დავრჩებით ღია ქვეყნად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინოვაციური და მახინჯი მექანიზმების გამოყენებით, ადამიანებმა შეძლონ, პრაქტიკულად, კანონს გვერდი აუარონ, გაიხანგრძლივონ ქვეყანაში არაკანონიერი ყოფნა, მოითხოვონ ის, რაც მათ არ უნდა ეკუთვნოდეთ და ა.შ. ვფიქრობ, ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, იმისათვის, რომ საქართველოში შემოვიდეს კვალიფიციური ინვესტორი, იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული და ა.შ. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის მინისტრი გააკეთებს დამატებით განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მსჯელობა, შემდეგში უკვე პარლამენტში გაგრძელდება,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






