დარბაზთან, სადაც ძიუდოს ყრილობა იმართება კერძო დაცვის სამსახურია მობილიზებული. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მათი დაქირავება შესაძლო ექსცესების თავიდან აცილების მიზნით მოხდა.
ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და მასზე არ უშვებდნენ ეროვნული ნაკრების იმ წევრებს, რომლებიც დავით ქევხიშვილს უპირისპირდებიან და მის გადადგომას ითხოვენ. მათ შორის არის ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც.
სპორტსმენებმა დარბაზში შესვლა მაინც მოახერხეს, თუმცა რამდენიმე წუთში დატოვეს, რადგან მათი თქმით ქევხიშვილს მათ კითხვებზე პასუხი არ აქვს და ყრილობაზე დასწრება აზრს კარგავს.
„მათ გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ შეგვეძლო დასწრება, მაგრამ არ შეგვიშვეს, მოხდა ისე, რომ დასწრებას ვეხვეწებოდით, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე რაცაა. არ გამოვდივართ პირადული ინტერესებიდან, ჩვენ გამოვდივართ ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან. ეს ფედერაცია არაა ერთი ადამიანის, ის ხალხის ფულით ფინანსდება. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ვთხოვეთ იქ შეკრებილებს, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ და ნუ გაწირავენ ქართულ ძიუდოს. პასუხი არ იყო. ვთხოვ ყველას, ვისაც ძიუდოზე გული შესტკივა, ნუ დაგვღუპავთ, გულთან მიიტანეთ ჩვენი პრობლემა. არანაირი ძალა და პოლიტიკა ჩვენ არ გვმართავს, სუფთა ხელებით და ჯანსაღი გულით გვინდა რომ იყოს ძიუდოში ნორმალური სიტუაცია და არ იყოს ერთპიროვნული, ერთი საძმაკაცოს მმართველობა, ამას მოვითხოვთ.“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






