ღამის კლუბებისა და ბარების წარმომადგებლების თქმით, კლუბი სოციალური ცვლილებების ავანგარდშია, ცდილობს თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული ახალგაზრდული კულტურის ჩამოყალიბებას. იხდის დიდ გადასახადებს, ასაქმებს ადამიანებს და მოუწოდებენ ყველა მხარდამჭერს, მედიასა და დიპლომატიურ კორპუსს, რომ მათ გვერდით დადგნენ და დაეხმარონ კლუბს, თავი დაიცვას ცილიმწამებლური კამპანიისგან.
„სამწუხაროდ, ელექტრონული მუსიკისა და გასართობი ინდუსტრიის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. ვრცელდება უამრავი ბინძური ჭორი და ბრალდება. პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები კლუბის დახურვას ითხოვენ. მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბებს ადამიანის ხელყოფაში. შეწყდეს რეგრესიული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება და დისკრედიტაცია. ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ.“-ნათქვამია კლუბების ხელმძღვანელთა საერთო განცხადებაში.
საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ:
„მოვითხოვთ, დროულად იქნას დადგენილი თუ რა მავნე ნივთიერების შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ადამიანები და სასწრაფოდ მივიღოთ პრევენციული ზომები, ექსპერტიზის პასუხები გახდეს საჯარო. შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ ყველა ზომა, რომ ვებგვერდების საშუალებით მომწამლავი ნივთიერებები ხელმისაწვდომი არ იყოს.
ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს პრევენციული შინაარსის მქონე საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა სტერეოტიპულ მიდგომებზე, არამედ ადამიანებზე ზრუნვის პრაქტიკებზე. გადამზადდეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რათა ამა თუ იმ სუბსტანციით ზედოზირების შემთხვევაში, შეძლონ ადამიანების დროული და ეფექტური დაეხმარება.
გადაიდგას ნაბიჯები ლიბერალური ნარკოპოლიტიკისკენ, რომელიც ზრუნვასა და პრევენციულ მიდგომებზე იქნება დაფუძნებული.“ – აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






