ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზსაც ეწვევიან და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან, მიღებულ ინფორმაციას კი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის მოსამზადებლად გამოიყენებენ.
„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ეს შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე კიბერუსაფრთხოებას, მაგრამ ვიზიტისას, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ოკუპირებულ ტერიტორიებს მიენიჭება. ჩვენ ვაპირებთ ჩავიდეთ ე.წ. საზღვართან და ვნახოთ ადგილზე რა ვითარებაა. გვსურს გავიგოთ დეტალები სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებითაც"- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა კლერ მუდმა რ2-თან საუბრისას.
ევროპარლამენტის წევრი დევიდ მაკალისტერი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა უნდა გამოხატოს საქართველოსადმი სოლიდარობა.
„იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი გაიხსენებს იმ მოვლენებს, რომელიც 10 წლის წინ მოხდა საქართველოში. ყველა ქვეყანა იმსახურებს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და აღიარებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ ვიყავი საქართველოში, თქვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ და მგონია რომ, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი"- განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
მასალის გამოყენების პირობები






