ინიციატივის განხილვას, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, ხმაური მოჰყვა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკრებულოს უმრავლესობის აღნიშნული ინიციატივა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გამოხატულებაა.
საკითხზე მსჯელობის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„რესპუბლიკის მოედანი, ეს თქვენ უნდა იცოდეთ და სირცხვილია, რომ არ იცით, დაერქვა 1981 წელს, საბჭოთა კავშირის დროს, იქ საერთოდ მოედანიც არ იყო. იქ მოედანიც კი არ იყო, იქ იყო ჩვეულებრივი დაღმართი. და გამომდინარე, იქიდან, რომ ჩამოდიოდა უშიშროების მაშინდელი ყოფილი მინისტრი, მაღალჩინოსანი ანდროპოვი, აბსოლუტურად ხელოვნურად გააკეთეს ის მოედანი და სწორედაც, საბჭოთა რესპუბლიკის საპატივცემულო დაერქვა იქ რესპუბლიკის მოედანი და არა 1918-1921 წლის პირველი რესპუბლიკის საპატივცემულოდ,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისი თქმით, ვარდების რევოლუცია ქართველი ხალხის მონაპოვარი იყო.
„ეს იყო დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა კორუფციაზე, კრიმინალზე, ნეპოტიზმზე, იმ ჭაობზე, რომელიც სუფევდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, შესაბამისად, მათ არანაირი ეროვნული მოტივები არ ამოძრავებთ,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი ირწმუნება, რომ მოედნის სახელწოდების ცვლილება პოლიტიკურ კონტექსტს არ უკავშირდება.
„პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხის განხილვა არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი, თარიღის მნიშვნელობიდან, ფაქტის მნიშვნელობიდან, 1918-21 წლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მიგვაჩნია, რომ ქალაქში, ერთ-ერთ მთავარ ისტორიული მნიშვნელობის მოედანს, ნამდვილად უნდა ერქვას ამ ისტორიული თარიღის სახელწოდებამ,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობის ინიციატივას "იაფფასიან სვლას" უწოდებს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე.
„ეს არის ძალიან იაფფასიანი სვლა, ეს არის ძალიან იაფფასიანი გულის მოგება მხოლოდ თავის, საკუთარი ძალიან ერთგული მხარდამჭერებისა და სრული უგულებელყოფა იმ ნებისა და თავისუფლების ნების გამოხატულებისა, რაც მთელ საქართველოს ახსოვს,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






