„ნაციონაური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა. დეპუტატმა პრეზიდენტს მედიაზე საუბრის ნაწილში, რუსთავი 2-ის საქმე შეახსენა და სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს საქართველოს დემოკრატიამ მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - ხელისუფლება არჩევნების გზით გადააბარა და ეს ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, ქართულმა ოცნებამ ეს არ გააკეთა, პირიქით უკან დაწია. დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები არა შესუსტებული, არამედ მორღვეულია, რადგან მთელი სახელმწიფო მანქანა ერთ ადამიანს ემსახურება და ემორჩილება.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ სასამართლო სისტემა და გააკრიტიკეთ დანიშვნები, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს არსებობს კლანები და სწორედ ეს კლანები მართავენ სასამართლო სისტემას, ივანიშვილის დავალებით მოქმედებენ.
თქვენ ახსენეთ სტრესის რეჟიმში მომუშავე მედია. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ხელისუფლების მხრიდან დამოუკიებელი მედიის ჩახშობის მცდელობა. შეუძლებელია დღეს ვიზაუბროთ მედიაზე და არ ვისაუბროთ რუსთავი 2 ზე , საზოგადოებრივ მაუწყებელზე და იმაზე, რომ ფინანსური ბერკეტებით ხელისუფლება კერძო მაუწყებლების ხელში ჩაგდებას ცდილობს.
თქვენ ისაუბრეთ 2016 წელს ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებებზე პოლიტიკური პარტიების შესუსტებისთვის. სინამდვილეში ივანიშვილს არა შესუსტება, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტების განადგურება სურს. მას სურს ჰყვადეს დანიშნული ოპოზიცია" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დეპუტატმა იმ ნაწილზეც ისაუბრა, სადაც მარგველაშვილმა რუსეთის ფაქტორს გაუსვა ხაზი.
“ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ისაუბრეთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, მაგრამ თქვენ არ წარმოგიდგენიათ თქვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა დავუპირისპიროთ რუსულ რბილ ძალას, რა უნდა დავუპირისპიროთ საქართველოში მომძლავრებულ რუსულ პროპაგანდას, რომელსაც სამწუხაროდ რიგ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების გადასახადების ფულით აფინანსებს. რა უნდა დავუპირისპიროთ კვირიკაშვილის უპრინციპო განცხადებებს, რომელიც რუსეთის ფედერაციას ფაქტობრივად მომრიგებლის როლს სთავაზობს. რა უნდა დავუპირისპიროთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის მორღვევას. რა უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მოქალაქეების გატაცებას, რომელიც რიგ შემთხვევაში ისე ტრაგიკულად მთავრდება, რაც ვიხილეთ არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში. სტრატეგიული მოთმინება თუ მშვიდობიანი პრინციპულობა? დიახ, მშვიდობიანი პრინციპულობა, რომელიც არ თმობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც მაქსიმალურ მობილიზაციას ახდენს საერტაშორისო თანამეგობრობის და რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე, რაც გახდება ჩვენი ევროატლანტიკური მიზნების რეალიზების და ქვეყნის დეოკუპაციის რეალური საწინდარი“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






