„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, 2012 წლის მერე ბევრი რამე იქნა მიღწეული.
6 წლის თავზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, სახელწიფო აღარ არის მოძალადე, ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენ, სამწუხაროდ, შევასუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატული სახელმწიფო სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად მიებმებოდა ხალხს და საზოგადოებას.
ამ პერიოდში ჩვენ შევედით იმ რეალობაში, რომელშიც, ვინც პოლიტიკაში ყოფილხართ, გახსოვთ, შედიოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, ,,მოქალაქეთა კავშირი“ იქნებოდა ეს თუ ,,ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლების იმხელა კონცენტრაცია ხდება, რომელიც საშიში ხდება დემოკრატიისათვის, საშიში ხდება მმართველი პარტიისათვის.
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კიდევ ერთხელ შევიდეთ დრამატული ცვლილებების ეპოქაში. დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ იმ პრობლემებზე, რაზეც მე თქვენ მოგახსენებდით.
საქართველოს ისტორიის მაგალითები ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და დღეს უნდა მივცეთ ხალხს დემოკრატიული პროცესი და ეს უნდა ხორციელდებოდეს როგორც თვითმმართველობის დონეზე, ასევე სხვა დონეებზე.
ამიტომ ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის: სასწრაფოდ, სანამ ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, შევცალოთ საარჩევნო კანონი - არა 2024 წელს, არამედ, დღესვე. ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებაზე და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურიბისთვის.
დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის, მზად ვარ თქვენთნ სასაუბროდ იმ ემოციით, რომ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენ ძალიან უნდა გვადარდებდეს ქვეყნის მომავალი და სტაბილურობა.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






