საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით წარსდგა. საკუთარი გამოსვლის დაწყებისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი განათლების მინისტრად ყოფნის პერიოდის შემდეგ განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა.
პრეზიდენტის გამოსვლის ამ ნაწილს კრიტიკულად აფასებს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი. დიმიტრი შაშკინი გიორგი მარგველაშვილს მისი მინისტრობის დროს გადაგმულ ნაბიჯებს ახსენებს, მათ შორის კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხს და ამბობს, რომ მარგველაშვილმა თავისი მინისტრობის დროს ცუდი გავლენა მოახდინა განათლების სისტემაზე.
„ძალიან ვიცინე და ამავდროულად ძალიან შევწუხდი მას შემდეგ, რაც მოვისმინე პრეზიდენტის განცხადება, რომ თურმე ის იყო ძალიან წარმატებული განათლების მინისტრი და თურმე, მის შემდეგ არაფერი გაკეთებულა საქართველოში. სასაცილოა ეს განცხადება. ვეთანხმები, რომ არაფერი გაკეთებულა ქვეყანაში, მაგრამ განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა 2012 წლიდან. ვისაც აქვს მოკლე მეხსიერება, მინდა შევახსენო რა გააკეთა მარგველაშვილმა. მარგველაშვილმა აუკრძალა ხუთი წლის ბავშვებს სკოლაში სიარული და გარეთ დატოვა 20 ათასი ბავშვი ყოველწლიურად. მარგველაშვილმა შექმნა კორუფციული სისტემა განათლების სისტემაში, რომელიც ახლაც არ არის მოშლილი და რომელიც კერძო კომპანიას იურიდიული მხარდაჭერის სახით ყოველწლიურად ბიუჯეტიდან სამ მილიონს ურიცხავს. მარგველაშვილმა შექმნა კორუფციული სქემა ავტობუსებით მომსახურებაზე, რომელიც ყოველწლიურად აზიანებს საქართველოს ბიუჯეტს დაახლოებით 4 მილიონით. მარგველაშვილმა წაართვა ავტორიზაცია და აკრედიტაცია კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტს და კინაღამ გარეთ დატოვა ათასობით სტუდენტი და მხოლოდ სტუდენტების პროტესტის გამო ის იძულებული გახდა, რომ შეეცვალა ეს გადაწყვეტილება. მარგველაშვილმა შექმნა უფასო ფაკულტეტები და საქართველოს ბიუჯეტი ამ გაურკვეველი ფაკულტეტებით, 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, დაახლოებით 250 მილიონი ლარით აზარალა, ახლა, იგივე ხალხი, რომლებმაც მარგველაშილი მოიყვანეს ხელისუფლებაში, ამას აუქმებს, რაც საკმარისი იყო პენსიონერებისთვის პენსიის მოსამატებლად, არის ჰაერში გასროლილი. ეს გააკეთა მარგველაშვილმა. ამას ვიხსენებ მათთვის, ვისაც დაავიწყდა რა გააკეთა მარგველაშვილმა, როგორც განათლების მინისტრმა და ის მოადგილეები, რომლებიც მან მოიყვანა განათლების სისტემაში, ახლაც სხედან იქ და მართავენ განათლების სისტემას“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა ,,ნიუპოსტთან".
მასალის გამოყენების პირობები






