თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ათონის მთაზე ქართული კელიის არსებობა უმნიშვნელოვანესი ფაქტია. „ვვარაუდობთ, რომ უნივერსიტეტის ჯგუფი რამდენიმე სტუდენტის თანხლებით ათონს ვეწვევით, მოვინახულებთ წმინდა ადგილებს. რა ნაკვალევი დატოვა ქართულმა კულტურამ ათონის მთაზე, რა წამოიღო ცოდნის სახით - ეს ყველაფერი საკვლევი მასალაა. იმედი გვაქვს, რომ ათონის მთიდან ძალიან საინტერესო მასალით დავბრუნდებით,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.
ვატოპედის მონასტერი, რომელიც საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, X საუკუნეში აშენდა და ათონის მთაზე მდებარე მონასტრებს შორის, იერარქიით მეორეა. ვატოპედის მონასტერში დაბრძანებულია ათონის მთის 12 სასწაულმოქმედი ღვთიშობლის ხატიდან 7. მონასტერი მდიდარი ბიბლიოთეკით გამოირჩევა, სადაც 2000–მდე ხელნაწერი, 25 გრაგნილი, საბუთები და 3500-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნია დაცული. დღეისათვის მონასტერში დაახლოებით 200-ამდე ბერ-მონაზონია, მათ შორის არიან ქართველებიც.
არქმინადრიტი ეფრემის სურვილისამებრ, ათონის წმინდა მთაზე ქართული მონაზვნობის, მისი ტრადიციებისა და ქართული წირვა-ლოცვის აღსადგენად, ვატოპედის მონასტერმა გამოყო მთავარანგელოზთა სახელობის კელია.
მასალის გამოყენების პირობები






