ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოზარდთა მიმართ არსებული პრობლემები რიგი მიმართულებით საგანგაშოა.
„ბავშვთა მიმართ ძალადობის ძალიან მრავალი ფაქტი გვაქვს და, სამწუხაროდ, ეს არის სფერო, რომელიც დაფარული პრობლემაა. პირველ რიგში ხდება ბავშვთა უფლებების უგულვებელყოფა და არამარტო ზრდასრულების მიერ. ძალიან გახშირებულია ძალადობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა როგორც ოჯახში, ისე სასწავლებლებში. სახალხო დამცველს ჰქონდა ანგარიში, რამაც საგანგაშო შედეგები დადო და აღმოჩნდა, რომ თუნდაც იგივე სკოლებში ბავშვების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივად მიღებული და ფართოდ გავრცელებული საკითხია, რომელსაც ბუნებრივად და ნორმად მიიჩნევს მასწავლებელთა დიდი ნაწილი და ბავშვებისთვისაც თითქოს მისაღებია.
საგანგაშოდ მაღალია სუიციდის მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სისტემური მიდგომა ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის და თუნდაც ბულინგთან ბრძოლაში. მასწავლებლები არ არიან მზად, იდენტიფიცირება მოახდინონ, თუნდაც სკოლაში შევიწრობების ფაქტების. ფაქტობრივად არ გვაქვს მსხვერპლი ბავშვის დახმარების სისტემა და მაგალითად ქვეყანაში არ არსებობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა თავშესაფარი. სულ 11 ფსიქოლოგია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს, რაც პრობლემას ადასტურებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
მასალის გამოყენების პირობები






