ოპოზიცია ლუკაშენკოს მიერ მოყოლილ ისტორიას იმის დადასტურებად მიიჩნევს, რომ საქართველოს მმართველ გუნდს ოკუპანტი ქვეყნიდ მიმართ მონური დამოკიდებულება აქვს და ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს:
„მტრისადმი ამგვარი გულჩვილი გრძნობებით აღსავსე პრემიერი საქართველოს არ უნდა მართავდეს. ცოტა მეცოდება ადამიანი, საქართველოს პრემიერმინისტრს ვგულისხმობ, ვისაც მტრის მიმართ ასეთი სენტიმენტები აქვს. კიდევ უფრო მეცოდება ჩემი ქვეყანა, რომელსაც ძალიან უჭირს და სჭირდება არა მტრის შეცოდება და უადგილო სენტიმენტალიზმი ოკუპანტის მიმართ, არამედ თავდაცვა. ჩემი აზრით, მტრისადმი ამგვარი გულჩვილი გრძნობებით აღსავსე პრემიერი საქართველოს არ უნდა მართავდეს. ლუკაშენკოს ახალი არაფერი უთქვამს იმისგან განსხვავებით, რაც არ ვიცოდით, მაგრამ ძალიან სამარცხვინოა, რომ ეს ამ დონეზეც გვესმის.“ - განაცხადა ნიკა რურუამ.
იმ ფაქტს, რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ალექსანდრ ლუკაშენკოც კი გააკვირვა გიორგი კვირიკაშვილის რუსეთისადმი სენტიმენტებმა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია უპრეცედენტოს უწოდებს:
„თუ ეს სიმართლეა, საქართველოს პრემიერმინისტრმა გააკვირვა ლუკაშენკო თავისი რუსული სახელმწიფოს მიმართ სენტიმენტებით, ეს მართლა უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება. ჩვენ ლუკაშენკოს გარეშეც ვიცით, რომ ქართული ოცნების, ივანიშვილის გუნდის და კერძოდ, კვირიკაშვილის პოლიტიკა აძლიერებს რუსეთის პოზიციებს ჩვენი ქვეყნის შიგნით და ასუსტებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ამის ყველაზე ცუდი მაგალითი იყო კვირიკაშვილის ე.წ. წერილი ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, პრემიერი ნამდვილი პატრიოტია და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს:
„აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბუნებრივია, მას ვერავინ ვერ დასდებს ბრალს, რომ რაღაც ტიპის განცხადებები როდესმე აქვს გაკეთებული ამ ღირებულებების წინააღმდეგ.“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ლუკაშენკომ პრემიერის ნათქვამის ინტერპრეტირება მოახდინა:
"ლუკაშენკოს მაგივრად, მე კითხვებზე პასუხი როგორ გაგცეთ, წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ, პრემიერს უნდა ვკითხოთ, თუ რაიმე საუბარი შედგა, რისი ინტერპრეტირებაც, ან სხვაგვარად თხრობაც გადაწყვიტა. წარმოდგენა არ მაქვს. მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - საქართველო მყარად ადგას იმ კურსს, რასაც ევროპული გზა ჰქვია. ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და ეს არის უდიდესი წარმატება და ეს ყველაფერი ხდება პრემიერ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებას სადაც ალექსანდრე ლუკაშენკომ გიორგი კვირიკაშვილს 75%-ით რუსი ადამიანი უწოდა და გაანცხადა რომ კვირიკაშვილი მას „რუსეთთან მის დამოკიდებულებაზე ლამის აცრემლებული ელაპარაკებოდა“ , გამოეხმაურა პრემიერის პრესსამსახურიც.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივაზე, სადაც ხაზი გაესვა, რომ საქართველოსთვის არსებობს წითელი ხაზები, რაც ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.
"პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის მიმართ საქართველოში არავის აქვს აგრესია, ქვეყანაში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის და არანაირი დაპირისპირება არ ხდება. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსი ბებია ჰყავდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ხალხთაშორისი, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები არსებობს. თუმცა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს წითელი ხაზები და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს.“ - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონკრეტულად რაზე ისაუბრა ლუკაშენკომ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე "საქართველოს პრემიერი რუსეთზე ლამის აცრემლებული მელაპარაკებოდა"- რა გაამხილა ლუკაშენკომ
მასალის გამოყენების პირობები






