ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლის აუცილებლობა:
„ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე, კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამა წლის თებერვალში, ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით; ასევე, საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში – ადამიანის უფლებების სფეროში ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე, იმ მუდმივი დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც ექმნებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების განხორციელების პროცესში. ამ სამწუხარო კონტექსტში, ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ აუცილებელად უნდა მიეცეს შესაძლებლობა , რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მოქმედ ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), დაუბრკოლებლად შევიდნენ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. მხარეებმა, ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც სიკეთეს მოუტანს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და გაამარტივებს ვაჭრობას, განათლებას, გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებასა და ნდობის აღდგენას გაყოფილ ჯგუფებს შორის.“- აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის/ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში პრესსპიკერის მაია კოჟიანჩიჩის და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესმდივნის ადამ კაზნოვსის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






