„შეხვედრის შემდეგ ფერმერები ტიროდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ამ შეზღუდვით, მათ ფაქტობრივად თავიანთ ოჯახებთან ერთად სახლებიდან აგდებენ, რადგან ისინი თავიანთ პირუტყვთან ერთად ცხოვრობენ. აქ კი ზამთრის მკაცრი პირობების გამო პირუტყვს ვერ შეინახავენ.“- განაცხადა ახალგორში მაცხოვრებელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარყიშვილმა.
როგორც ცნობილია ბიბილოვი აღნიშნული შეზღუდვის მთავარ მიზეზად საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გავრცელებულ პირუტყვის დაავადებებს ასახელებს.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი შეზღუდვის შემთხვევაში ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობა, რომელიც მეცხოველეობითაა დაკავებული, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. თინიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი და ინტენსიურად ტარდება პირუტყვის შესაბამისი აცრები, შესაბამისად ბიბილოვის მიერ დასახელებული მოტივი აბსურდულია.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე ადგილობრივ მოსახლეობას პირუტყვი გამოსაზამთრებლად დაღესტანის ზამთრის საძოვრებზე გადაყავდა, სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი - დუშეთში. ადგილობრივი მეცხოველეების თქმით, ადგილზე არ არის სათიბი, საშუალებები, რომ ცხოველი ზამთრის საკვებით უზრუნველყონ, არ არის შენობები, სადაც ცხოველის დაბინავება იქნება შესაძლებელი ზამთრის ცივ ამინდებში.
მათი თქმით, ეს შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ მათ ან უნდა გაყიდონ ყველფერი და სხვა სამსახური ეძებონ, ან უნდა დატოვონ ოკუპირებული რეგიონი და მეცხოველეობა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააგრძელონ. მსგავსი შეზღუდვა პრობლემებს უქმნის არა მარტო მეცხოველეებს, არამედ უმუშევრად ტოვებს, ამ სფეროში დასაქმებულ მწყემსებ, მერძევეებს თუ მეხორცეებს.
მასალის გამოყენების პირობები






