მმართველმა გუნდმა პარტიის პოლიტსაბჭოს შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რამდენით შემცირდება 21 კაციანი პოლიტსაბჭო.
ცვლილებების შესახებ პარტიაში კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მომავალი კვირიდან გაიმართება:
„პოლიტსაბჭომ ბოლო პერიოდში ამ დასახელებული მიზეზების გამო პრაქტიკულად დაკარგა ყველანაირი ინსტენსივობა და ეფექტურობა, რაც ასევე რასაკვირველია გამოსასწორებელია. კომპაქტური, უფრო მცირე ზომის, მცირე ფორმატის პოლიტსაბჭოა საჭირო. მე ვფიქრობ შემცირდება რაოდენობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შემდეგ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებები სხვა მიმართულებითაც იქნება.
„პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის წარდგენაც და კენჭისყრაც მოხდება პარტიის მომავალ ყრილობაზე. ეს გადაწყდება შიდაპარტიული კონსულტაციების გზით, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე გაიმართება, მათ შორის პოლიტსაბჭოს დღევანდელ წევრებთან, ხოლო შემდეგ შეგვიძლია უკვე კონკრეტულ შემადგენლობაზე საუბარი,“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






