„ჩვენ შეხვედრას რუსეთის საკითხის განხილვით დავიწყებთ, ბოლო რამდენიმე წელია მოსკოვმა სახიფათო ქმედებების ნიმუში აჩვენა. ამაში იგულისხმება ყირიმის არალეგალური და არალეგიტიმური ანექსია, დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში, ჩარევა დემოკრატიულ პროცესებში, კიბერ-შეტევები და დეზინფორმაცია. რუსეთი ასევე მხარს უჭერს სირიის სასტიკ რეჟიმს, რომელმაც არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ასევე სრულებით შესაძლებელია, რომ სალსბურში ნერვული აგენტის გამოყენებით თავდასხმის უკანაც რუსეთი იყოს. ნატო ყოველივე ამას ერთიანობითა და გადაწყვეტილების მიღებით გამოეხმაურა. ჩვენ მივაღწიეთ კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდ გაძლიერებას „ცივი ომის” დასრულების შემდეგ.”- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენმდივნის თქმით, მინისტერიალზე საუბარი იქნება დასავლეთ ბალკანეთისა და ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე. მისი განცხადებით, ნატო კვლავ ერთგული რჩება ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის პრინციპის.
„ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს, რომელსაც მიაღწიეს ბოსნია-ჰერცოგოვინამ, მაკედონიამ და საქართველომ. უკრაინამ ასევე გამოხატა სწრაფვა ნატოს წევრობისკენ და მე ველოდები, რომ მინისტრები ამის შესახებაც ისაუბრებენ.“- განაცხადა ნატოს გენმდივანმა.
მისი თქმით, ეს იქნება ბოლო შეხვედრა, რომელიც ნატოს იმ შენობაში გაიმართება, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში მისი შტაბ-ბინაა.
მასალის გამოყენების პირობები






