ენმ-ში აცხადებენ, რომ მოსამართლე ჯაშუშების ჩვენებას დაეყრდნო. ოპოზიცია თვლის, რომ ახალაია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია.
"2018 წლის 23 აპრილს ივანიშვილის მიერ მართულმა თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა.
მოსამართლე შკუბულიანი დაეყრდნო ჯაშუშობაში ბრალდებულების - გორელაშვილის და ლონდარიძის ჩვენებებს. სასამართლო სხდომაზე მოსკოვიდან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩართეს რუსეთის ფედერაციის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი სერგეი ჩაპლიგინი. სასამართლოს ბრალი ასევე დაეფუძნა ბედუკაძის ჩვენებას.
პოლიტიზებულმა სასამართლომ არ გაიზიარა სხდომაზე მოწვეული ექსპერტების დასკვნები, სადაც ცალსახად იყო მითითებული, რომ ბაჩო ახალაია უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებებში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაია ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია, მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია, უსამართლო და არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი საფუძველი.
ივანიშვილის რეჟიმის უკანონო ქმედებების მიუხედავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას ანტისახელმწიფოებრივი ოლიგარქიული მმართველობის საბოლოო დამარცხებამდე"- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






