"ქართული ოცნების" დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტს ურჩევს ბრალდებების ნაცვლად, საკუთარ საქმიანობას პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
„სასაცილო მდგომარეობაა უკვე როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ყველა სხვა სამთავრობო უწყებებისკენ იშვერს ხელს და თვითონ არ იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს უპასუხისმგებლო პრეზიდენტი. არ მიგვიღია პასუხი რა მოხდა ბაქრაძის საქმეში. ჩვენ არ მიგვიღია პასუხი მისი ცოლის ძმის შეწყალების საქმეში. ჩვენ არ მიგვიღია პასუხი ვაკეში მომხდარ საზარელ დაჭრასთან დაკავშირებით სადაც ხუთი ჭრილობა მიაყენეს მოქალაქეს, ხოლო პირველი ინსტანციის განაჩენის დადგომის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იგი შეიწყალა. შესაბამისად ამ კითხვებზე მას პასუხი აქვს გასაცემი,“- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
დავით მათიკაშვილი კი პრეზიდენტს კონკრეტული კითხვებით მიმართავს და ინტერესდება სად დაინახა გიორგი მარგველაშვილმა შავი პიარი.
„შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე ეს პიროვნება ციხიდან გამოვიდა. და ზუსტად ასეთი დანაშაულისთვის იყო ის ბრალდებული თავის დროზე. და როდესაც პრეზიდენტმა შეიწყალა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მოძალადე პირის მიმართ, აი ეს არის კითხვა. რა შუაშია აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო. სხვა მოედანზე ნუ სურს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას გადაიტანოს ეს დავა. გასცეს პასუხი კონკრეტულ კითხვებს, სად არის აქ შავი პიარი, როდესაც საუბარია ძალიან კონკრეტულ ფაქტებზე,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბრალდებებს შპარგალკებით პროპაგანდისტული ომი და იეჟოვის ტერმინოლოგია უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






