საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს, კერძოდ საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს.
ემზარ კვიციანის მოსაზრებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა უნდა დაწესდეს.
„გვახსოვს, საფრანგეთში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას რა მოჰყვა. რელიგიური გრძნობები დაცული უნდა იყოს, მით უმეტეს, ჩვენთან, სადაც მართლმადიდებლობაზე პირდაპირი შეტევა მიდის. შეურაცხყოფა იყო არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ღმერთის მიმართ. ამის გამო, ბიჭებმა იგინეს და დღეს ციხეში სხედან. ეს სამართლიანია? ღმერთის გინების გამო, ადამიანს აგინეს და ახლა შვიდი ახალგაზრდა ციხეშია. საჭიროა საკანონმდებლო რეგულაცია, რომ არავის ჰქონდეს სურვილი, ვიღაცის რელიგია და ღმერთი ლანძღოს. ეს კანონით უნდა იყოს დარეგულირებული. შეურაცხყოფისა და კეთილი ნების განმსაზღვრელი ყოველთვის არსებობდა. შეურაცხყოფაა გინება და ისიც, რომ პრეზერვატივზე წმინდანებს დაახატავენ. ეს შეურაცხყოფა არაა? ამ ბოლო დროს მართლმადიდებლობაზე შეტევა წამოვიდა. სიტყვის თავისუფლება ცილისწამებასა და შეურაცხყოფას არ ნიშნავს. ეს გამიჯნული უნდა იყოს.” - განაცხადა კვიციანმა.
ემზარ კვიციანის ინიციატივის თანახმად, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას უნდა დაისაჯოს ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება კი დაისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.
დამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ. ჯგუფში საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვადასხვა კონფენსიების წარმომადგენლები შევლენ.
„ვფიქრობ, გარკვეული სამუშაო ჩასატარებელია და საკითხები სამართლებრივ რეგულაციებშია მოსაქცევი ისე, რომ რელიგიური და სიტყვის თავისუფლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. ბალანსის დაცვა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრ ქვეყანაშია.“- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმდჯომარე სოფო კილაძემ.
არასამთავრობო სექტორი თვლის, რომ მსგავსი რეგულაცია ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას და საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები






