„ენ ტე ვე პლუსი” სატელიტური თეფშებით აპირებს ფუნქციონირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მაუწყებლობა ძირითადად რეგიონის მაყურეებელზე იქნება გათვლილი. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ კომპანიამ საკუთარი ტელეარხების სხვა გზითაც გაავრცელოს.
კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით НТВ-плюс-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ დიომინიმა განაცხადა: „გეოგრაფიული ექსპანსია, ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებში შედის. საქართველო, თავისთავად, პერსპექტიული ბაზარია, თუმცა ჩვენ საქართველოში მაუწყებლობის დაწყებას არ განვიხილავთ მხოლოდ ბიზნეს საქმიანობად. უამრავი ასპექტით, საქართველოში მაუწყებლობის დაწყება ჩვენთვის სოციალურ მისიას წარმოადგენს".
გაზპრომ-მედიას ადგილობრივი პარტნიორი კომპანია „მედია ჯგუფი” კი აცხადებს, რომ "НТВ-плюс ძლიერი და ცნობილი ბრენდია, კომპანია ხარისხიან სატელევიზიო პროდუქტს ქმნის. დღეს საქართველოში, რუსულ არხებზე და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე მზარდი მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, შეთავაზება ბევრ ქართველ მაყურებელს დააინტერესებს."
„მედია ჯგუფი” ასევე ფლობს Red Media-ს 28 სამაუწყებლო არხის ტრანზიტის უფლებას, მათ შორის, НТВ кинохит, Мужское Кино, НТВ Киносемья, НТВ Киносвидания, НТВ Киномикс, Киносерия, Наше Новое Кино, Кинокомедия, Индийское Кино, Кухня, Авто+, Ля Минор.
კომპანია „მედია-ჯგუფი” 50%-იან წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ. დავით ნაკაშიძე 2018 წლის 30 იანვრამდე შპს „ვაიმაქს ჯორჯიას” დირექტორი იყო. შპს „ვაიმაქს ჯორჯიას” 100%-იანი მფლობელი „სილქნეტია”. „სილქნეტი” „ენ-ტე-ვეს" შემოყვანასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ "მედია გრუპის" არცერთ მფლობელთან კავშირი არა აქვს.
„ენ ტე ვე პლუსმა” ორი წლის წინ გაიარა რეგისტრაცია, თუმცა, საქმიანობა არ დაუწყია. კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ მისთვის ავტორიზაციის შეჩერების კანონიერი საფუძველი არ აქვს, რადგან “ენ ტე ვე პლუსი” კომისიაში კანონით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტის წარდგენას ახდენს და გაფორმებული აქვს კონტრაქტებიც.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის თქმით, NTV Plus–ის პაკეტში შემავალი რუსული საინფორმაციო არხების მაუწყებლობა საქართველოში არასდროს შეწყვეტილა და დღეს ამ არხებს საკაბელო არხების 650 000 აბონენტი უყურებს. კახა ბექაურმა გადაცემა „კვირის ინტერვიუში” განაცხადა, რომ პროპაგანდისტული არხებიც უნდა არსებობდეს და მათთან ბრძოლას მედიაწიგნიერების გაზრდით აპირებს.
„ვთქვათ, რუსული სახელმწიფო არხები პოლიტიკურ დონეზე, კანონით, ან სხვა გზით ხელოვნურად აიკრძალა, იმას გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე ქართულენოვანმა არხმა მაუწყებლობის უფლება მიიღოს და რუსული პროპაგანდის გამტარებელი იყოს? რა უნდა ვუყოთ ამ ქართულენოვან, საქართველოს მოქალაქის მიერ შექმნილ არხს, რომელიც შესაძლოა, რუსულ ინტერესს ატარებდეს? ისიც ავკრძალოთ? აქედან მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვამდე ერთი ნაბიჯია", – განაცხადა კახა ბექაურმა.
„ენ ტე ვე პლუსის” საქართველოში შემოსვლის საწინააღმდეგოდ საზოგადოების ნაწილმა პეტიციაც გაავრცელა და რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ “გაზპრომ მედიის” შვილობილი კომპანიის შემოსვლა საქართველოში „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის გაგრძელება და შემადგენელი ნაწილია”.
„ენ ტე ვე პლუსი” პირველი და ერთადერთიო არ არის. სატელიტური არხები ისედაც ავრცელებდენ რუსულ არხებს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს გზა, რომ ერთი მხრივ, არ შეუქმნას პრობლემა მედია პლურალიზმს, და მეორე მხრივ, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ ომს, რასაც რუსეთის ხელისუფლება თავისი სატელევიზიო არხების მეშვეობით აწარმოებს. ხელისუფლებამ ქვეყნის უსაფრთხოების ინეტერსებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს და ნებისმიერი რუსული კომპანიის საქმიანობა უნდა იყოს შესწავლილი, რადგან რუსეთი ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუტს, როგორც მედიაა, ისევ დემოკრატიის წინააღმდეგ იყენებს. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა”, -ამბობს „ინფო 9”-თან საუბარში „მედიის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი.
საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტს თანამგზავრული ტექნოლოგიით დღეისათვის ძირითადად კომპანია “მაგთიკომი” ახორციელებს . 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, კომპანიას 93 ათასამდე აბონენტი ჰყავს. საქართველოში კიდევ ერთი თანამგზავრული ოპერატორი “სუპერტ ტვ” მუშაობს, რომელსაც ბაზარზე ძალიან მცირე წილი აქვს. თუ “ენ ტე ვე პლუსი” საქართველოში მხოლოდ თანამგზავრული მეთოდით შემოვა, ის კომპანია “მაგთის” მთავარი კონკურენტი იქნება.
საქართველოს მედიაბაზარზე მეორე უმსხვილესი ოპერატორია “სილქნეტი”, რომელიც ამ ეტაპზე ტრანსლირებას საკაბელო თეფშებით არ ახდენს.
არის ვარაუდი, რომ „ენ ტე ვე პლუსის” შემოყვანა შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერატორის რუსული „ბილაინის” ინტერესშიც იყოს. „ბილაინი” მობილური ოპერატორია, რომელსაც არც ინტერნეტ-სერვისი აქვს და არც თანამგზავრულ მაუწყებლობას ფლობს, „მაგთისა” და „სილქნეტისგან” განსხვავებით.
მასალის გამოყენების პირობები






