პრეზიდენტის სასახლეში შეწყალების კომისიის წევრების, პრეზიდენტის მრჩევლებისა და ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.
შეხვედრის მონაწილეები შეწყალების მექანიზმის გენდერული მიმართულებით სტანდარტის გაზრდასა და კომისიის შემადგენლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრამ ნათელი გახადა, რომ კი ცვლილებებისთვის სივრცე არსებობს.
"გვჭირდება დახმარება პროფესიონალი ადამიანებისა და კომპეტენტური წრეების. გვჭირდება ის, რომ დღეს, შედარებით ზოგადი რჩევები გარდაიქმნას უფრო კონკრეტულ გამოსავლებში.
ეს პროცესი დავიწყეთ იმისთვის, რომ შინაარსი და გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი გაცილებით უფრო მაღალი გახდეს. არასამთავრობოებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა.
ამ შეხვედრის ინიციატივა მოდის პრეზიდენტისგან და პრეზიდენტი ღიაა იმისთვის, რომ მოვისმინოთ განსხვავებული, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებები, რაც ყოველთვის კარგია და დაეხმარება პროცესის გაუმჯობესებას", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






