„ამას ემატება შემდეგ კომიტეტების თავმჯდომარეები, ფრაქციების თავმჯდომარეები და ა.შ. ეს არის ნორმალური პროცესი პარლამენტში, როდესაც იერარქიის შესაბამისად განისაზღვრება ურთიერთობები. ბუნებრივია, პირველი საყრდენი ჩემთვის არის პირველი მოადგილე, მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე და ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის საფუძველი და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ყველა დეპუტატთან უმრავლესობის სხდომების ფორმატში და ამ კუთხითაც დისკუსიის ნაკლებობა ჩვენ არ გვაქვს. მე მიმოვიხილე ოცი გადაწყვეტილება, დაახლოებით, საკვანძო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარლამენტმა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში და ოცივე საკითხთან დაკავშირებით გვქონდა სიღრმისეული განხილვა უმრავლესობის ფორმატში და თითოეულ დეპუტატს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. უფრო მეტიც, ჩვენთან არის ძალიან დემოკრატიული პროცესები და ტარდება ძალიან ხშირად თავისუფალი კენჭისყრები. მაგალითად, თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა ქვოტირებასთან დაკავშირებით, კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით და ესეც არის, ბუნებრივია, შიდა პარტიული დემოკრატია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„რაც შეეხება მივლინებებს, შეგიძლიათ ამოიღოთ ამონაწერი და ნახავთ როგორ არის გადანაწილებული პროპორცია და იკვეთება თუ რა იქ რაიმე გუნდები. ეს, პირდაპირ ვიტყვი, რომ არასწორია, პირდაპირ, თვალსაჩინოდ გამოჩნდება ეს მივლინებების ანგარიშიდან. არც რაიმე სხვა პრივილეგიებით არ სარგებლობენ სხვა დეპუტატები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ უკავიათ შესაბამისი თანამდებობა. თანამდებობა ნიშნავს დამატებით ფუნქციას. ბუნებრივია, კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს მეტი ფუნქცია, ვიდრე სხვა პარლამენტის წევრს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, თითოეული განცხადება უმრავლესობის ფორმატში იქნება განხილული. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიზანი არა გასამართლება, არამედ სამომავლოდ პრევენციაა.
„აღარ მინდა დეტალებში შესვლა, აღარ მინდა ამის გარჩევა მარტივი მიზეზის გამო, გვექნება საშუალება დავსხდეთ სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის უმრავლესობის ფორმატში. იქ განვიხილავთ თითოეულ განცხადებას. მიზანი გასამართლება კი არ არის, მიზანი არის ის, რომ მომავლისთვის მოხდეს ასეთი რაღაცის პრევენცია. ეს არის ჩვენი ამოცანა და მიზანი. ამას განვიხილავთ ჩვენ უმრავლესობის ფორმატში, აქედან გამომდინარე, გარეთ განცხადების გაკეთება, ბუნებრივია, საზიანო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის წინააღდეგ განცხადება უკვე უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა. თანაგუნდელების მხრიდან კობახიძის კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, რელიგიური თემებით სპეკულაციაში დაადანაშაულა, ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა. საპარლმენტო უმრავლესობის წევრის, შოთა შალელაშვილის მოსაზრებით პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატთან აქვს კომუნიკაცია, ნაწილი კი პარლამენტში უფუნქციოდაა დარჩენილი.
მასალის გამოყენების პირობები






