„აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მრავლად არის გაპარული ფაქტობრივი შეცდომები, მაგალითად ანგარიშის ავტორები სასამართლო ხელისუფლებას ადანაშაულებენ აფგან მუხთარლის საქმეშეი, როდესაც ქართულ სასამართლოს ამ საქმესთან არავითარი შეხება არ ჰქონია.
ანგარიშიდან იკითხება, რომ მისი ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არსებობს ეგრეთ წოდებული ლიბერალური, უფრო სწორად ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ხელისუფლებებს. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI-ს თბილისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბრძოლას არანაირი საერთო არ აქვს ლიბერალიზმთან და ლიბერალურ ღირებულებებთან, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება და უფრო მეტიც, ვიტყოდი ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს, როგორიც არის დემოკრატია, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიებს და რომლებიც ასევე უპირისპირდებიან ღირებულებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






