საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ Freedom House-ს ანგარიშზე შეფასებები გააკეთა. ანგარიშში მოყვანილი რეიტინგები საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაწილში, კობახიძის განცხადებით ღიმილის მომგვრელია:
„სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, ანგარიშის თანახმად, ქვეყნის რეიტინგი 25 მეასედით არის გაუარესებული 2011 წელთან შედარებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, ამის შედეგი იყო უკანონო სისხლის სამართლებრივი განაჩენები ათასობით და ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგ, სასამართლო წარმატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენებისა და სხვა პირთა რეკეტის ინსტრუმენტად, აგრეთვე პოლიტიკური დევნის მექანიზმად. სასამართლო ეფექტიანად აღასრულებდა ეგრეთ წოდებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რის შედეგადაც ციხის პოპულაციამ საქართველოში 24 ათას 500-ს მიაღწია.
2012 წლის შემდეგ სასამართლო გათავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისაგან და რადიკალურად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენებისა და მოქალაქეების მიერ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა. სასამართლო აღარ გამოიყენება ადამიანების დევნისა და მათი უფლებების უხეში შელახვის ინსტრუმენტად. ასევე გადადგა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად.
ამ ფონზე კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






