მსოფლიო სამხედრო ფართომასშტაბიანი დაპირისპირების მოლოდინში - კონფლიქტი სირიაში ყოველდღიურად მწვავდება და ამ კონფლიქტში ჩაბმული მხარეები გიგანტი ქვეყნები გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის სახით. როგორც ცნობილია დონალდ ტრამპი ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავს, ხმელთა შუა ზღვაში კი აშშ-ის ფლოტის მობილიზება ხდება.
„ნიუპოსტთან“ აღნიშნულ თემაზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს. შაშკინი აღნიშნავს, რომ მსოფლიო სამხედრო ოპერაციის დასაწყისს უახლოეს დღეებში იხილავს და ეს გარდაუვალი მოცემულობაა:
„მსოფლიო უახლოეს საათებში, უახლოეს დღეებში გახდება მოწმე სამხედრო ოპერაციისა, რომელიც სირიაში ჩატარდება. ეს უკვე გარდაუვალი მოცემულობაა და დაიწყება ამერიკის შეერთებული შტატების ფართომასშტაბიანი ოპერაცია სირიაში. ეს არ იქნება იგივე ოპერაცია, რაც იყო შარშან, ამ შემთხვევაში როგორც ჩანს გვექნება საუბარი ბევრად უფრო ფართომასშტაბიან პასუხზე, რომელსაც აშშ გასცემს ქიმიური იარაღის გამოყენებას სირიის მთავრობის მიერ.
ამ წუთისთვის ტარტუსსთან დგას ამერიკული ხომალდი „დონალდ კუკი“, რომლის ბორტზეც არის Tomahawk-ები, მაგრამ როგორც ჩანს, ამერიკელები ელოდებიან ჰარი ტრუმენის შემოსვლას, დაახლოებას სირიასთან, იგი არის ავიამზიდი, რომელიც ამ წუთისთვის მიემართება სირიისკენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მას მოყვება დაახლოებით 15-ხომალდიანი ესკადრა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაატაროს ოპერაცია, რომელიც იქნება გაწელილი დროში. ჩემი ინფორმაციით პრეზიდენტი ტრამპი ამ წუთისთვის განიხილავს რამდენიმე შესაძლებლობას პასუხისთვის. ერთი არის სირიის ავიაციის მთლიანად განადგურება, მაგრამ ამისთვის დასჭირდება რამდენიმე დღიანი ოპერაცია. თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს ნიშნავს, რომ ჰარი ტრუმენი უნდა შევიდეს და სამხედრო ძალები დაელოდნონ ავიამზიდის შესვლას. ხოლო თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მხოლოდ ქიმიური სავარაუდო ქარხნების განადგურების, მაშინ დონალდ კუკის შესაძლებლობა ამ რესურსს უპრობლემოდ იძლევა“, - მიიჩნევს დიმიტრი შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამხედრო ოპერაცია იქნება ისეთივე ფართომასშტაბიანი, როგორიც იყო ავღანეთის ოპერაცია და აშშ მძლავრ პასუხს გასცემს ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხს. მისივე თქმით, ამერიკა იერიშს სირიის შეიარაღებულ ძალებზე მიიტანს:
„გარდა ამისა შესაძლებელია იყოს მიტანილი დარტყმა კონკრეტულად ასადის სასახლეზე. როგორც ცნობილია, ირანის დაჟინებული მოთხოვნით, ასადმა თავისი ოჯახი უკვე გაიყვანა ირანის ტერიტორიაზე, აქედან გამომდინარე, მასაც ესმის, რომ ერთ-ერთი შესაძლებლობა ისიც არის, რომ იერიში იქნება მიტანილი მის პირად სასახლეებზეც. ის ფაქტორი, რომ ისრაელმა უკვე დაბომბა და საბრძოლო მოქმედებაში შეამოწმა სირიაში არსებული რუსული ანტისაჰაერო დანადგარები, მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება ბევრად უფრო ძლიერი პასუხისთვის, ვიდრე ეს იყო შარშან. როგორ დასრულდება ეს ოპერაცია, მალე ვიხილავთ, არ მგონია, რომ აშშ-მ დაბომბოს ის სექტორი, სადაც ამ წუთისთვის რუსები ან ირანელები იმყოფებიან და მთავარი დარტყმა იქნება მიყენებული სირიის შეიარაღებულ ძალებზე.
ავღანეთის ოპერაციის შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რომელიც ყოფილა ჩატარებული. ავღანეთის ოპერაციის შემდეგ ასეთი ფართომასშტაბიანი და ასეთი ძლიერი ოპერაცია არ განხორცეილებულა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
რაც შეეხება რუსეთს, შაშკინი აღნიშნავს, რომ მსოფლიომ დაინახა რომ რუსეთი არის უბრალოდ „გიგანტი თიხის ფეხებზე“:
„მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი რომელიც არსებობს, ეს არის რუსეთი. რუსეთის ეკონომიკური სიტუაცია, ახლა არის ძალიან ფაქიზი, იმიტომ, რომ ბოლო სანქციების მეშვეობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩვენა რუსეთს, რომ მისი ეკონომიკა არ ღირს არაფერი. ერთი დღის განმავლობაში, რუსეთმა დაკარგა ძალიან დიდი ფული, დიდი ინვესტიციები, მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს იგივე რუსეთია, როგორიც იყო ნიკოლოზ მეორეს დროს, როდესაც რუსეთს ეძახდნენ გიგანტს თიხის ფეხებზე.
ახლა მთელი მსოფლიო არის სირიის მოვლენების განვითარების მოლოდინში და მსოფლიოს განვითარება მომავალში ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული“, - დასძენს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






