საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ საუბარია საქართველოს სასამართლო სისტემასა და მის ტრანსფორმაციაზე, რასაც ანგარიშში „აქილევსის ქუსლს“ უწოდებენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, იგი კვლავ განიცდის საზოგაოდების მხრიდან უნდობლობასა და პოლარიზაციის მაღალ დონეს.
ანგარიშის მიხედვით საქართველოს სასამართლო სისტემამ 2017 წელს უკუსვლა განიცადა, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის უკანონო დაკავებისა და ექსტრადირებასთან დაკავშირებული არარეგულარული პროცესებისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ პოლიტიკური გავლენით მიღებული სასამართლო განაჩენების მცირე, თუმცა მზარდი რიცხვის შედეგი იყო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „ართული ოცნების“ ხელისუფლება კვლავ ცდილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას.
„სააკაშვილის შესაძლო დაკავება კიდევ უფრო გაართულებს „ქართული ოცნების“ ურთიერთობებს ევროპასთან და აშშ-სთან, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან „სამართლიანობის აღდგენის“ პოლიტიკას, კერძოდ კი საქართველოს სასამართლო სისტემის პოლიტიზაციის კუთხით. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიმსახურა სამართლიანი კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოებისგან მთავრობის ყოფილი წევრების წინააღმდეგ „შერჩევითი სამართლისა“ და „პოლიტიკური ვენდეტის“ წარმოებისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






