როგორც უწყებიდან ,,ნიუპოსტს“ აცნობეს, რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან.
„მავნებელთან ბრძოლის პროცესში ქართველი სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა. არსებული გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციისა და აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოში მოწვეული იყო ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი კანადიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით. გაიმართა ფორუმი და არაერთი დისკუსია.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილიდან, ფაროსანას გავრცელების რისკის მიზეზით, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან ყველა სახის ბოსტნეულისა და ხილის შეტანა აკრძალა. „როს სელხოზ ნადზორის“-ის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მათ დარღვეული აქვთ "კანონი ოკუპაციის შესახებაც".
მასალის გამოყენების პირობები






