თურქული თევსაჭერი სეინერის კაპიტანი სელიმ კაია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების წყლებში უკანონო თევზჭერით იყო დაკავებული, 9 თებერვალს გაიტაცეს. ადგილობრივ მაცხოვრებელ გიორგი ფაჩულიას ის ოჩამჩირის ცენტრიდან პორტში მიჰყავდა, რა დროსაც მას გზა ორმა შეიარაღებულმა პირმა გადაუკეტა, მძღოლი ძალის გამოყენებით გადმოაგდეს ავტომობილიდან, თურქეთის მოქალაქე კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ავტომობილი მეორე დღეს ოჩამჩირის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს.
თურქული მედიის ცნობით, თავიდან გამტაცებლებმა 100 000 დოლარი მოითხოვეს, მაგრამ მას შემდეგ რაც გატაცებულის მამა, ბიზნესმენი იაკუპ კაია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მისი შვილის სამძებრო ოპერაციის მიმდინარეობას პირადად გაეცნო, გამოსასყიდი თანხა 20-ჯერ გაიზარდა.
„სელიმის გატაცების შემდეგ ჩვენ მივიღეთ მესიჯი მობილურ ტელეფონზე, სადაც იყო ჩემი შვილის ფოტო და მოთხოვნა, რომ გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარი გადაგვეხადა“- აცხადებს სელიმ კაიას მამა.
თურქული თევსაჭერი გემის კაპიტნის გატაცებას ოკუპირებულ აფხაზეთში ხამსას უკანონო ბიზნესს და ამ ბიზნესში აფხაზურ-თურქულ-რუსული ინტერესების გადაკვეთას უკავშირებენ. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სელიმ კაიას დაუგროვდა დიდი რაოდენობის ვალი თავის აფხაზ და რუს ბიზნესპარტნიორებთან და გამტაცებლები ამ თანხის ამოღებას ამ გზით ცდილობენ, თუმცა კაიას ოჯახი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. 25 მარტს ტრაპიზონში გამართული მიტინგის, დროს რომელსაც კაიას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს საქმე მას პირად კონტროლზე ყავს აყვანილი და თურქეთი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქის გასათავისუფლებლად.
კაიას ოჯახი ტრაპიზონთან ახლოს ქალაქ ჩარშიბაშში ცხოვრობს. ოჯახი მჭიდროდაა დაკავშირებული თურქულ კომპანიასთან, რომლიც აფხაზეთში თევზის მოპოვებითა და გადამუშავებით არის დაკავებული, რითაც უხეშად არღვევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს. გავრცელებული ინფორმაციით კომპანიას კავშირები აქვს ფოტში არსებულ თევზის მომპოვებელ კომპანიასთანაც.
მასალის გამოყენების პირობები






