ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სამ საათიანმა მოსმენამ ისე ჩაიარა, რომ მათ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. გიორგი ბარამიძის თქმით, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვება არა მხოლოდ მას, არამედ დღევანდელი შემადგენლობის დიდ ნაწილს არ ჰქონდა.
„სხდომა დავტოვე იმიტომ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დახურეს სხდომა, იმ მოტივით, რომ აქ გაჟღერებული იქნება საიდუმლო ინფორმაციაო და თუ საიდუმლო ინფორმაცია იქნება გაჟღერებული, ელემენტარულად, თავმჯდომარეს მაინც უნდა მოეხსენებოდეს, არც ერთ ადამიანს, თუ არ აქვს დაშვება, განახლებული, საიდუმლოებაზე, არ აქვს უფლება, ან წაიკითხოს, ან მოისმინოს საიდუმლო ინფორმაცია. თუ იქ მიმდინარეობს რაიმე საიდუმლოზე საუბარი, არის ამ წუთას პირდაპირი კანონის დარღვევა. ელემენტარულად შეეშინდათ, ხალხმა გაიგოს იმ დისკუსიის თაობაზე, რაც შეიძლება იქ გამართულიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სტრუქტურა ემსახურება არა სახელმწიფოს, არამედ პირდაპირ ინსტრუქციებს იღებს არაფორმალური, კერძო პირისაგან“, - განაცხადა ბარამიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიციას აინტერესებს როდის დაასახელებენ იმ აგრესიულ ძალებს, რომელბიც მტრის საქმეს აკეთებენ და მთავრობასთანაც არიან დაახლოებული:
„ჩვენ გვაინტერესებს ეს აგრესიული ძალები, ფაშისტური ძალები, ქართული მედია, რომელსაც ბიუჯეტიდან აფინანსებენ, გამოიწერენ და რეკლამებსაც უკეთებენ, უამრავი საშუალებები, რომლებიც მთავრობასთანაც არიან დაახლოებული და პირდაპირ მტრის საქმეს აკეთებენ, როდის გამოვლინდება, როდის დაასახელებენ?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






