ლანჩხუთელ ზაურ ფირცხალაიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზღვისპირეთში, სიმბოლურ ერთ ლარად 3 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი გადეცა- ამ საკითხზე დღეს, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა, "ევროპული საქართველოდან" ირაკლი მარშანიშვილმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული განკარგულება შესაძლო კორუფციის ნიშნებს ატარებს, რადგან გაუგებარია რა მიზნით გადასცეს კონკრეტულ ფიზიკურ პირს.ადგილები, სადაც მიწის შეძენა და გადაფორმება არა თუ ერთ ლარად არამედ, მილიონობით ლარის ფარგლებშიც კი გამარტივებული არ არის.
აღნიშნული კითხვა მარშანიშვილმა დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზეც დასვა, თუმცა არც საკრებულოს თავმჯდომარემ და არც უმრავლესობიდან მისმა კოლეგებმა ამაზე პასუხის გაცემა არ ისურვეს:
"დავსვი ეს კითხვა დღეს საკრებულოს სხდომაზე, მიპასუხეს, რომ ეს რიგგარეშე სხდომაა და აქ ვერ ვიმსჯელებთ ასეთ საკითხებზეო. ძალიან მაინტერესებს, რა დამსახურებისთვის გადეცა ამ ადამიანს ერთ ლარად 3, 5 ჰა. ნახევარი მიწის ფართობი გრიგოლეთში? იქნებ იმისთვის, რომ "ოცნების" მხარდამჭერია? აქ იკვეთება სერიოზული კორუფციის ნიშნები და არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანის უკან დგას გავლენიანი პირები, რომლებიც ამ ფართობებს თავისთვის იტაცებენ."-აღნიშნა მარშანიშვილმა.
2018 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფოს საჯკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი ფიზიკურ პირს, ზაურ ფირცხალაიშვილს, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა . 35 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






