დევდარიანის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად მისი წარდგენით უკმაყოფილო იყო როგორც მმართველი გუნდი, ასევე, დევდარიანზე დარტყმის მიყენებით დაინტერესებულები იყვნენ ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური გუნდი და მასთან ასოცირებული ჯგუფები, რომელთაც სხვა ინტერესი ჰქონდათ, კერძოდ, დევდარიანზე დარტყმის მიყენებით დარტყმას სახალხო დამცველს აყენებდნენ. აღნიშნულ თემაზე “სიდა“–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა.
„ვიცით, რომ სახალხო დამცველი უმრავლესობის მიერ იყო მხარდაჭერილი, მაგრამ მხარდაჭერილი არ იყო ყველა ოპოზიციური პარტიის მხრიდან და ამ კონკრეტულ ოპოზიციურ ჯგუფს დარტყმის მიყენება სურდა როგორც სახალხო დამცველზე, ასევე ძლიერ, აქტიურ სამოქალაქო ჯგუფზე. ეს არის საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელიც ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურსა და ფაქტობრივად, ჩვენს ურთიერთობას ურტყამდა. შეტევა იყო გიგაური–ლომჯარია–დევდარიანის რაღაც გუნდზე, არადა ეს გუნდი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც წლებია არსებობს.“ – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
დევდარიანის მტკიცებით, მისი რეპუტაციის განადგურებით დაინტერესებული ჯგუფები პროცესებში სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ჩაერთნენ, მათ შორის, მედიის, პიარისა და სოციალურ ქსელებში თავიანთი გავლენების გამოყენებით.
„ჩემი ინფორმაციით, როცა ეს თემა წამოიწია, კონკრეტული პიარ-ჯგუფების ჩართვითა და მექანიზმებით, მაქსიმალურად იყო გარანტირებული, ეს თემები მედიაში ძალიან აქტიურად გაშუქებულიყო“, – განაცხადა დევდარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






