სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. აუდიტის ობიექტები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები: სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო და სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. აუდიტის პერიოდად განისაზღვრა 2014-2017 წლები.
როგორც ანგარისშია ნათქვამი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზების კუთხით აუდიტი შეეხო ოთხ ძირითად საკითხს. კერძოდ:
1. ეკოლოგიური რისკების შემარბილებელი საჭირო ღონისძიებების სალიცენზიო პირობებში ასახვა.
2. ლიცენზიების შემოწმების პროცესში სისტემური მიდგომების გამოყენება.
3. სალიცენზიო ფართობის დამუშავების პროექტის ნაკლოვანებები და
4. გარემოსთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის შედეგების მიხედვით, (1) სალიცენზიო პირობები ზოგადია და მასში არ არის ასახული ის ძირითადი შემარბილებელი ღონისძიებები, რომელთა გატარებაც საჭიროა ლიცენზიანტის მხრიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული უარყოფითი ზემოქმედების შემცირებისათვის. სალიცენზიო პირობებში კონკრეტული კანონმდებლობის მითითება არ იძლევა საშუალებას იდენტიფიცირდეს თუ რა გარემოსდაცვით რისკებს ქმნის კონკრეტული მოპოვებითი საქმიანობა და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს აღნიშნული რისკების შესარბილებლად. (2) აუდიტის პერიოდში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული პროცედურები ვერ უზრუნველყოფდა მაღალი ეკოლოგიური რისკის ობიექტების შერჩევას, ხოლო არსებული სანქცირების სისტემა გამოვლენილ დარღვევებზე პროპორციულ რეაგირებას. ამასთანავე, ინსპექტირების პროცესში არ არსებობდა შესაბამისი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო დოკუმენტები. (3) სალიცენზიო ფართობის დამუშავების პროექტის მიმართ არსებული რეგულაცია განსაზღვრავს მხოლოდ ზოგად მოთხოვნებს საქმიანობის პროცესში გარემოს დაცვის ღონისძიებების აღწერასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ლიცენზიანტს არ მოეთხოვება აღნიშნული დოკუმენტის შეთანხმება რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან. შესაბამისად, დოკუმენტის ხარისხის შემოწმება არ ხდება არცერთი სახელმწიფო ორგანოს მიერ. ლიცენზირების არსებული პროცედურა და პროექტის შეთანხმების ვალდებულების არარსებობა ქმნის რისკებს, რომ სალიცენზიო ფართობის დამუშავება საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე ან დაბალი ხარისხის საპროექტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მოხდება. (4) აუდიტმა ასევე აჩვენა, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას. კერძოდ, აუდიტის პერიოდში გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასებიდან გენერირებული თანხები არ მიიმართებოდა მიზნობრივად გარემოს აღდგენის ღონისძიებებისაკენ. შესაბამისად, არსებული პრაქტიკა იწვევს იმას, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრა არ ხდება. მთლიანობაში, მინიმიზების კუთხით არსებული ნაკლოვანებები მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას ახდენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოს ადეკვატურ დაცვაზე.
მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები გამოვლინდა სალიცენზიო ფართობის აღდგენის მიმართულებითაც. ნიადაგის საფარის აღდგენის კუთხით არ არის უზრუნველყოფილი სალიცენზიო ფართობის ეტაპობრივი რეკულტივაცია, რაც ნიადაგის თავდაპირველი თვისებების დაბრუნებას გულისხმობს. აგრეთვე, სალიცენზიო ვადის გასვლის შემდგომ არ ხდება აღნიშნული ფართობის მდგომარეობის შემოწმება, რის ძირითად მიზეზსაც რეგულაციის ნაკლოვანებები წარმოადგენს. შედეგად, სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია ვადაგასული და მიტოვებული სალიცენზიო ფართობების მდგომარეობის შესახებ.
რაც შეეხება უარყოფითი ზემოქმედების კომპენსირებას, ამ კუთხით გარკვეული აქტივობები (მაგალითად, ხე-ტყის საკომპენსაციო საფასურის გადახდა, ლიცენზიანტი კომპანიების მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება) არსებობს, თუმცა, შესაბამისი შეფასების არარსებობის გამო, გაურკვეველია რამდენად ადეკვატურია გატარებული ქმედებები იმ ზიანთან მიმართებაში, რაც თავიდან არიდების, მინიმიზებისა და აღდგენის ღონისძიებების შემდეგ რჩება.“- ნათქვამია ანგარიშში.
- აუდიტის სამსახური მოუწოდებს წიაღის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს ლიცენზიის გაცემის პროცესში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მონაწილეობით, სალიცენზიო ფართობზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასება/აღწერა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემოსათვის ნაკლები ზიანის მომტანი სალიცენზიო ფართობის შერჩევა, ხოლო შერჩეულ ფართობზე გარემოზე პოტენციური უარყოფითი ზემოქმედების თავიდან არიდების ღონისძიებების დაგეგმვა.
- იმ მიზნით, რომ გაიზარდოს ლიცენზიანტების ინფორმირებულობა გარემოს დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, უზრუნველყოს წიაღის მოპოვების პროცესში ლიცენზიანტების მიერ გასატარებელი აღნიშნული ღონისძიებების აღწერა და სალიცენზიო პირობებში ასახვა.
- იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიანტის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში კონკრეტული გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტის/ტექნოლოგიური სქემის მიმართ გარემოსდაცვითი კუთხით განსაზღვრული დეტალური მოთხოვნების იდენტიფიცირება და პროექტის/ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება ლიცენზიანტის მიერ მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე.
- იმ მიზნით, რომ მოხდეს სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების რესურსის გამოყენება მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე სალიცენზიო ფართობების შესამოწმებლად, სააგენტომ უზრუნველყოს ეკოლოგიური რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება და შესამოწმებელ ლიცენზიანტთა შერჩევა მოახდინოს აღნიშნულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.
- იმ მიზნით, რომ საჯარიმო სანქციების სისტემით უზრუნველყოფილ იქნეს წიაღის მოპოვების პროცესში სალიცენზიო პირობების დარღვევის პრევენცია და სანქციები იყოს დარღვევის შედეგების პროპორციული, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასების შემდეგ ლიცენზიანტისაგან მიღებული თანხების დაზიანებული გარემოს აღდგენაზე გამოყენება, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მოახდინოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება და ინიცირება.
- სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ინსპექტორებისათვის მეთოდური სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება. სახელმძღვანელოში აღწერილი უნდა იქნეს ის სპეციფიკური საკითხები, რომლებიც დამახასიათებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროს გარემოსდაცვითი მართვა 2018 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში 8 სხვადასხვა ტიპის ლიცენზიის შემოწმების დროს. აღნიშნული უზრუნველყოფს ინსპექტორებისათვის სალიცენზიო პირობების დარღვევებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტების გამოვლენას და ხელს შეუწყობს გამოვლენილ დარღვევებზე სტანდარტულ რეაგირებას.
- იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სალიცენზიო ფართობის დროული რეკულტივაცია, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საკანონმდებლო ჩანაწერის არსებობა, რომელიც დაავალდებულებს ლიცენზიანტს, წარმოადგინოს რეკულტივაციის პროექტი მოპოვებითი სამუშაოების დაწყებიდან კონკრეტულ ვადაში.
- იმ მიზნით, რომ ლიცენზიის ვადის გასვლის შემდგომ გამოირიცხოს სალიცენზიო ფართობის აღდგენის გარეშე მიტოვების შემთხვევები, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, ლიცენზიანტების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით, უზრუნველყოს ლიცენზიანტების მხრიდან სალიცენზიო ფართობის აღდგენისათვის საჭირო ფინანსური გარანტიების ვალდებულების არსებობა და შეიმუშაოს აღნიშნულის აღსრულებისათვის ქმედითი მექანიზმი.
მასალის გამოყენების პირობები






