„მე მის ადგილას როგორც მინიმუმ, განმარტებას გავაკეთებდი, როგორ მოხდა, რომ 300 აბი სუბუტექსის შემოტანაში ბრალდებული ადამიანი მოხვდა შეწყალებულთა სიაში, რომელიც თავის შინაარსით არის 10 ათასი ადამიანის დოზა და ეს ადამიანი მან შეიწყალა. წინასწარ გეუბნებით, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ამაზე პასუხს არ გაგვცემს, ან გაგვცემს, მაგრამ ისეთ აბსურდულს, რომ ამ პასუხს აზრი არ ექნება. შესაბამისად მე რომ მის ადგილზე ვიყო ბოდიშს მოვიხდიდი აუცილებლად. ჩვენ ალბათ, კიდევ ვიპოვით მანდ სიურპრიზებს, რადგან წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანები ჰყავს პრეზიდენტ მარგველაშვილს შეწყალებული. მუდმივად ისმის, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მედიასაშუალებებში კრიტიკა. შეწყალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტის ინსტიტუტს. შესაბამისად, იგი ამ საკითხზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“- განაცხადა ზარდიაშვილმა.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ ქორიძის შეწყალებას ეკა ბესელია ითხოვდა. ელისაშვილის თქმით, ბესელიამ დასკვნა გაუგზავნა შეწყალების კომისიას, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქორიძე პოლიტპატიმარი იყო და ბესელიამ არამხოლოდ დასკვნა , არამედ ქორიძის გასათავისუფლებლად რეკომენდაციაც კი დაწერა.
„ვანო ზარდიაშვილმა ჰკითხოს აბა, ეკა ბესელიას. როდესაც მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ეკა ბესელია იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. უზარმაზარი დასკვნა გამოგვიგზავნა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქორიძე იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. ბესელიას ჰკითხოს ზარდიაშვილმა, გაუგზავნა თუ არა ბესელიამ ქორიძის შეწყალების თხოვნა მარგველაშვილს, პირდაპირ წერილით მიმართა, არამხოლოდ დასკვნა დაწერა და შეწყალების რეკომენდაცია დაუწერა. შესაბამისად, ზარდიაშვილი თუ მაგარი ბიჭია, მივიდეს და დაელაპარაკოს ბესელიას, რატომ იკლავდა ბესელია თავს, რომ გინდა თუ არა, პოლიტიკურად მოტივირებულიაო. ჩვენ ეჭვი შეგვეპარა და ეს საქმე ორჯერ გადავდეთ, დეკემბრის სხდომაზე კენჭი არ ვუყარეთ, რამდენიმე საათი ვმსჯელობდით ამ საქმეზე, იანვარში კი, რაც მართალი მართალია, შეწყალების კომისიამ მისცა რეკომენდაცია . რეკომენდაცია მივეცით იმიტომ რომ, როგორც სააკაშვილის დროს ბევრ საქმეში, ძალიან არადამაჯერებელი მტკიცებულებები იყო “- აღნიშნა ელისაშვილმა რ2-თან საუბარში.
ირაკლი ქორიძე ირგანიზებულ ნარკოდანაშაულშია ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ, დაახლოებით, 900 აბი ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ. უწყების ცნობითვე, ნარკოტიკების შემოტანისთვის კატასტროფის ცენტრის მანქანას იყენებდნენ. ირაკლი ქორიძე სამართალდამცავებმა 30 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ქორიძეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






