საქართველო ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია - არსებული მონაცემების მიხედვით სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია 2012 წლიდან 2017 წლამდე.
მშპ - 2012 წელი: 15.8 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 15.3 მლრდ აშშ დოლარი. მშპ ზრდა: 2010-2012 წლები: საშუალოდ 6.6%, 2012-2017 წლები: საშუალოდ 3.8%. საგარეო სავაჭრო ბრუნვა: 2012 წელი: 10.433 მლრდ აშშ დოლარი, 2016 წელი: 9.407 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 10.709 მლრდ აშშ დოლარი. ექსპორტი: 2012 წელი: 2.376 მლრდ აშშ დოლარი, 2016 წელი: 2.113 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 2,728 მლრდ აშშ დოლარი (საიდანაც 338 მლნ აშშ დოლარი არის სომხეთიდან შემოსული სპილენძის რეექსპორტი), იმპორტი: 2012 წელი: 8.056 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელი: 7.981 აშშ დოლარი.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ნეგატიური მონაცემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბიუროკრატიის ზრდის ხარჯებია:
„ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზომა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იზრდება და ძირითადად იზრდება არა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების, არამედ ბიუროკრატიის ზრდის ხარჯზე. ბიუროკრატია იბერება, სახელმწიფოს უფრო მეტი ფული ამოაქვს ეკონომიკიდან ბიუჯეტში, რომ დააფინანსოს ეს გაბერილი ბიუროკრატია თავისი ხელფასებით, პრემიებით, საშტატო გარიგებით, სსიპებით, აიპებით და ასე შემდეგ და ეკონომიკას აკლდება ფული, რომ განვითარდეს და გაიზარდოს, შექმნას სამუშაო ადგილი. ეს თანხები რომ მიემართებოდეს ინფრასტრუქტურაში, კიდევ რაღაც დაბალანსდებოდა, რადგან ახალი გაჩენილი ინფრასტრუქტურა ეკონომიკასაც აცოცხლებს და დამატებით საინვესტიციო პოტენციალს ქმნის, გარემოს აუმჯობესებს, მაგრამ რადგან იხარჯება ჩინოვნიკებზე, სამინისტროებზე, ეს არის ძალიან არასწორი და ცუდი ხარჯი და ეკონომიკისთვის შემაფერხებელ-დამამუხრუჭებელი.
ხელისუფლება ამას ხედავს. ან როგორ შეიძლება ვერ ხედავდეს, რომ წინა წლებში იყო 10-12%-იანი წლიური ეკონომიკური ზრდა და ახლა არის 2%0იანი ზრდა, მაგრამ საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებენ? პოლიტიკურად არ აწყობთ, ამის აღიარება, ყველაფერში ხომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ. ესეც ეკონომიკისთვის ძალიან დიდი ტვირთია, როდესაც მოქმედ მთავრობას პოლიტიკური დევნის კამპანია აქვს პირველი 5-6 წელი და არ ფიქრობს ქვეყნის განვითარებაზე, მომავალზე, ინვესტიციებსა თუ პროექტებზე. ისინი ფიქრობდნენ, როგორ გააქრონ რადარებიდან „ნაციონალური მოძრაობა“. სამაგიეროდ, ამას გრძნობს როგორც შიდა ბიზნესმენი, ასევე გარე ინვესტორი და აღარ მოდის, ესეც სერიოზულად შემაფერხებელია. 2012 წლისთვის არსებული ტემპებით რომ გაგრძელებულიყო წინსვლა, სად უნდა ყოფილიყო ახლა საქართველო... ჩვენ ხელიდან გავუშვით უზარმაზარი შესაძლებლობა როგორც ფინანსური, ეკონომიკური, ასევე დასაქმების მხრივ და ახლა სად ვართ? ჩემი ვარაუდებით და ეკონომიკური გათვლებით, ბულგარეთზე წინ უნდა ვყოფილიყავით" - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, ინვესტიციების კუთხით, სინამდვილეში გაცილებით მეტი ფული უნდა შემოდიოდეს, უფრო მეტი ახალი ბიზნესი უნდა იქმნებოდეს და არსებული ბიზნესები უფრო სწრაფად უნდა ფართოვდებოდნენ.
"ამის შემაფერხებელი ყველანაირი ფაქტორი გახლავთ ის, რომ მთელმა მსოფლიომ იცის, ვიღაც ერთი კაცი, მსხვილი ბიზნესმენი, ოლიგარქი არის დაპატრონებული მთავრობას, ქვეყანა გადაქცეულია, როგორც მისი უკანა ეზო და მისი კეთილი ნების გარეშე აქ არაფერი არ ხდება. ასეთ ქვეყანაში ვინ შემოვა და ვინ ჩადებს ფულს? სადც იცი, რომ შენი კონკურენტი მსხვილი ბიზნესმენი აღმოჩნდება, რომელსაც ექვემდებარება მთავრობაც, ძალოვნებიც, სასამართლოც. არანაირი დამოუკიდებელი არბიტრი არ არსებობს ქვეყანაში და ეს ქვეყანაც მისი ეზოა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






