„გასული საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში, ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება კვლავ აბრუნებს სახალხო დამცველის განხილვის საგნად სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას. სიცოცხლის უფლება ამ საქმეში დაცული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ სახელმწიფო დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებს – ეფექტიანად, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ფაქტს, სადაც სავარაუდო უფლებადამრღვევები შესაძლოა სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ. ტერორიზმთან ბრძოლა დღევანდელი მსოფლიოს ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა მასთან ბრძოლის პარალელურად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად რჩება. 2017 წლის ივლისის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრი ქვეყნების მიმართ სპეციალური საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენებაზე მძიმე დანაშაულებთან, და მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, კვლავ ახსენებს სახელმწიფოებს, რომ ამ ღონისძიებათა გამოყენებისას აუცილებელია პროპორციულობის და საფუძვლიანობის გათვალისწინება. აუცილებელია, აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, იგეგმებოდა/ტარდებოდა სისხლის სამართლის საქმეზე პირის დაკავების ოპერაცია. განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს დაკავების თაობაზე სასამართლოს განჩინების მიღებიდან ოპერაციის ჩატარებამდე შემუშავებული დაკავების გეგმა და ოპერაციაზე კონტროლი. ამ ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ნათელი გახდება, გაითვალისწინა თუ არა ოპერაციის ჩამტარებელმა უწყებამ ძალის პროპორციული გამოყენებისთვის ყველა შესაძლებლობა, რათა გამოუსწორებელი შედეგი – სიკვდილი აერიდებინა თავიდან. სწორედ ეს საკვანძო ფაქტორი განსაზღვრავს მთლიანობაში სახელმწიფოს მიერ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლების დაცვის ხარისხს – ეფექტიანი გამოძიებით დაადგენს თუ არა სახელმწიფო იმას, რამდენად იმოქმედეს მისმა წარმომადგენლებმა კანონით განსაზღვრული მკაცრი აუცილებლობით. გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ასევე, უშუალოდ ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედების გარემოებების დეტალური შესწავლა, და მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაფრთხილების საკითხის დადგენაც. გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან ერთად, ასევე, მნიშვნელოვანია მისი საფუძვლიანობის შესწავლაც – რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომ მოცემული საქმის გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანია უშუალოდ იმ სისხლის სამართლის საქმის მასალების (დოკუმენტები, ნივთიერი მტკიცებულებები) შესწავლა და გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავება იგეგმებოდა. აუცილებელია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მსხვერპლის ოჯახის წევრისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება და გამოძიების პროცესში იმ მოცულობით ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად.
პარალელურად აუცილებელია, დადგინდეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემდეგ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროულობა და ხარისხი. აღსანიშნავია, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე. საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესწავლა, მოუწოდა საქართველოს პროკურატურას ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება; შეხვდა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. საქართველოს სახალხო დამცველს, საგამონაკლისო წესით, საქმის მასალების გაცნობაზესაქართველოს პროკურატურამ უარი უთხრა, თუმცა მიაწოდა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.“- აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველი სამართალდამცავ უწყებებს რეკომენდაციებს სთავაზობს:
საქართველოს პროკურატურას:
· გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებით შეისწავლოს:
თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების გეგმა და ოპერაციაზე კონტროლი;
სპეცდანიშნულების რაზმის გეგმა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებამდე;
თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
გამოყენებული სამედიცინო დახმარების დროულობა და ხარისხი;
დამკავებელი პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კანონიერება;
· უზრუნველყოს გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
· შეიმუშავოს ტერორისტულ დანაშაულებთან ბრძოლის სპეცოპერაციების დეტალური ინსტრუქცია, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ძალის გადამეტების რისკს და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან
მასალის გამოყენების პირობები






