„სახალხო დამცველი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ადევნებდა თვალყურს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რეგულარულად აკვირდებოდა სასამართლო პროცესებს და შეისწავლიდა შესაბამის დოკუმენტაციას. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიკვეთა როგორც „რუსთავი 2-ის“ ქონების დაყადაღებისა და ტელეკომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებში, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეებისთვის გადაწყვეტილების საკუთარი ინიციატივით, ადრეულად ჩაბარების ფაქტთან დაკავშირებით. თავის მხრივ, დასახელებულმა გარემოებებმა და საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვამ სასამართლოებში მიმდინარე პროცესების მიმართ ნდობას ზიანი მიაყენა. სახალხო დამცველი მომდევნო დღესვე გამოეხმაურა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2017 წლის 2 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას და მიუთითა, რომ მისი აღსრულებით, შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა ქვეყანაში მრავალფეროვანი მედიაგარემოს შენარჩუნებას, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიასაშუალების საქმიანობას. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2-ის“ მოთხოვნის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება ჯერ 2017 წლის 8 მარტამდე, მოგვიანებით კი, საკითხთან დაკავშირებით შემდგომ შეტყობინებამდე შეაჩერა“- აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






