„ფაქტია, რომ სტრატეგიული თმენის ე.წ პოლიტიკა უშედეგო იყო და ვერანაირი პოზიტივი ვერ მოიტანა. თუ საქართველოს ხელისუფლება რაღაც ნიშნებს მაინც გამოავლენს იმისა, რომ სტრატეგიული თმენის ე.წ პოლიტიკა შეცვალოს უფრო პროაქტიური პოლიტიკით, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნებას“ უკვე მეექვსე წელწადია, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ მივესალმებით. ის რომ მოხდება რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება, ეს იქნებოდა აქეთკენ გადადგმული ნაბიჯი. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მართალია ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და აშშ-მ გააძევა რუსი დიპლომატები. ველოდები რომ ხელისუფლებამ შეისმინოს მოწოდება, რომ მიღებული იქნას სანქციები, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. სამწუხაროდ ბოლომდე ოპტიმისტური ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ამის ფონზე გვაქვს ისეთი განცხადებები, რომლებიც გვაქვს პრემიერი კვირიკაშვილისგან, რომელიც რეალურად სთავაზობდა რუსეთს მომლაპარაკებლის როლს და სწორედ მან გააჩინა ის საფრთხე იმ დოკუმენტის შესახებ, რაზეც ჩვენ და საზოგადოებამ ავტეხეთ განგაში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც შეიძლება ერთი ხელით, საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოყენებით ახორციელებდეს დადებით და სწორ ქმედებებს, მაგრამ მეორე ხელით, პრემიერ-მინისტრის და მისი არაფორმალური მმართველის მხრიდან უგზავნის ორაზროვან მესიჯებს პუტინის რუსეთს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც უცხადებს და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.
მასალის გამოყენების პირობები






