საინტერესოა რას იზამს ამ პირობებში ბაზრის მესამე მოთამაშე „ბილაინი”.
როგორც „ვიონი საქართველოს”(„ბილაინის”) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა „ინფო9”-სთან საუბარში განაცხადა, რომ „ბილაინს“კონკურენცია არ აშინებს, „რადგან მზარდი კომპანიაა, რომელიც ძალიან დინამიურად ვითარდება და მუდმივად ზრუნავს სიახლის დანერგვაზე. ბუნებრივია, ფიქსირებულ ბაზარზე შესვლისთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე ღირებული შეთავაზების არსებობა, რის შემდეგაც კეთდება შეფასება და შესაბამისი გათვლები“.
თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ბილაინი” ორ გიგანტს ვერაფერს დაუპირისპირებს და იძულებული იქნება მის ამჟამად არსებულ წილს დასჯერდეს. მითუმეტეს, რომ უახლოეს მომავალში „ჯეოსელი” „სილქნეტით” და „მაგთი” „კავკაზუს ონლაინის” და სხვა ინტერნეტკომპანიების მფლობელი მომხმარებლებს კომბინირებულ სერვისს შესთავაზებენ: მომხმარებლებს შეეძლებათ მიიღონ ერთიან პაკეტში ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება. ამ მომსახურების შეთავაზება კი „ბილაინს” არ შეუძლია. გარდა ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ორი გიგანტი კომპანია ტარიფების დაწევითაც შეეცდება ბრძოლას მომხმარებლების გადასაბირებლად და კონკურენციის გამძაფრება და კომბინირებული პაკეტის შეთავაზება შესაძლოა მომხმარებლებისთვის კომფორტული გამოდგეს.
კომპანია „სილქნეტის“ დირექტორი სხვაგვარად ფიქრობს და აღნიშნავს, ამ გარიგებით კომპანიები „ძალიან კონკურენტუნარიან გარემოში” შევიდნენ.
„ჩვენი მომხმარებლები უახლოეს პერიოდში ახალი სერვისებს მიიღებენ, როგორც ფიქსირებულ ისე მობილურ ქსელზე. ასევე, უცხოური ინტერნეტ-პროვაიდერ „იტალ ტელეკომთან” ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ შემოვიდეს ბაზარზე და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდება”, - განაცხადა დავით მამულაიშვილმა.
როგორც მამულაიშვილი აცხადებს, ამჟამად უკვე გაერთიანებული კომპანიის განვითარებაში 500 მილიონი ჩაიდება, რაც სწორედ ახალი პროდუქტების შექმნასა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.
აღნიშნული კონკურენციის ფონზე „ბილაინის“ მფლობელის ფინანსებს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, „ბილაინმა” მართლაც არ დაიშუროს რესურსი საქართველოში მისი კომპანიის გასაძლიერებლად. თუმცა, ექსპერტები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ მან ისედაც თითქმის დოტაციაზე მყოფი ბიზნესისთვის დამატებითი ძალისხმევა აღარც გამოიჩინოს, რადგან საქართველო „მობიტელისთვის” პატარა და შესაბამისად, ფინანსურად ნაკლებად მიმზიდველი ბაზარია.
სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს მობილურმა ოპერატორებმა ჯამში 448,2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს (დღგ-ს და აქციზის გარეშე). „მაგთიმ” - 206,8 მლნ ლარი; „ჯეოსელი” - 165 მლნ ლარი; „ვიონი საქართველო”(„ბილაინი”) - 74,6 მლნ ლარი; „სილქნეტი - 1, 39 მილიონი ლარი; „ჯიმობაილი” - 136,5 ათასი ლარი.
საქართველოში მობილურ ქსელს 5,132 მილიონი აბონენტი ჰყავს. მათი 38,6% „მაგთის” ქსელშია ჩართული; 34,7%- „ჯეოსელის” აბონენტია. ხოლო „ბილაინის” ქსელში- აბონენტების 26%-ია ჩართული.
ამჟამად „ბილაინის” მფლობელი „ვიმპელკომის“ აქციათა 43% ნორვეგიულ საკომუნიკაციო კომპანია Telenor-ს ეკუთვნის. 47.9% კი რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილი კონსორციუმის Alfa Group-ის წევრ Altimo-ის მფლობელობაშია. ფრიდმანი ფლობს „ალფა ბანკის” აქციათა 90,1%-ს, და „ვიმპელკომის” 56,2%-ს. მას 5 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული უცხოურ კომპანიებში, რაც რეკორდულია რუსეთისთვის. „ფორბსის“ 2014 წლის მონაცემებით, ფრიდმანი ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენებს შორის მეორე ადგილზე იყო. ის რუსეთში 2017 წლის ბიზნესმენად დასახელდა. ამჟამად მისი ქონება 14,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
2015 წლისთვის „მობიტელის“ სამეთვალყურეო საბჭოში შედიან რუსეთის მოქალაქეები - ილია ჩულიუკინი, დმიტრი კრომსკი, ზაურეშ ლისიცინა და საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ არონია, ხვიჩა მაქაცარია. ეს უკანასკნელი სამეთვალყურეო საბჭოში 2013 წელს ჩნდება.
„ბილაინის”-თვის სიხშირის მიყიდვას თავის დროზე კახა ბენდუქიძე ეწინააღმდეგებოდა. მაშინ სახელმწიფო მინისტრი ბენდუქიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობით სამართალდამცავების დაინტერესებას ითხოვდა. სახელმწიფო მინისტრმა მაშინ კომისიის ქმედებაში არაკომპეტენტურობა და უფრო მეტიც, კორუფციული გარიგების ნიშნები დაინახა. მაშინ ბენდუქიძე კომისიის საქმეებში გარკვევას პროკურატურასაც სთხოვდა. ბენდუქიძე აპროტესტებდა, რომ კომუნიკაციების კომისიამ ფიჭური კავშირგაბმულობის ერთი ლიცენზია ”მაგთიკომს” 26 მილიონ ლარად მიჰყიდა, ხოლო მეორე ლიცენზია, სასამართლოს ძალით, 239 ათას ლარად გადასცა „მეგაკომს”, რითაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა სახელმწიფო 27 მილიონი აშშ დოლარით აზარალა.
კომისიის თავმჯდომარემ მაშინ უარყო ბენდუქიძის ბრალდება და ირწმუნებოდა, რომ სახელმწიფოს ამ გარიგებით არაფერი უზარალია, უფრო მეტიც, ბიუჯეტმა სიხშირის გაყიდვით 27 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო. როგორ მოხდა სიხშირის „ბილაინისთვის“ მიყიდვა, მოიგო თუ არა მართლაც ბიუჯეტმა თუ პირიქით, დაზარალდა, ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ და გარიგების დეტალების შესახებ ინფორმაციას შემდეგ ჟურნალისტურ კვლევაში მოგაწვდით.
”ჰქვია დამოუკიდებელი მარეგულირებელი, მაგრამ დამოუკიდებელი კი არ არის, არის უპასუხისმგებლო და უკონტროლო”, - ასე უწოდა მაშინ ბენდუქიძემ პარლამენტში კომისიას, როცა მარეგულირებელი ორგანოების რეფორმის განხილვისას.
ბენდუქიძეს იმ დროს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეს დიმიტრი ქიტოშვილს დაუპირისპირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ბაზარზე „ბილაინის” შემოსვლაც იყო. როგორც მაშინდელი პრესა წერდა, ბენდუქიძე აპროტესტებდა, რომ სიხშირე ჩამოაჭრეს “მაგთის” და “ჯეოსელს” და “ბილაინს” გადასცეს. შარანგიამ მაშინ კომისიისგან აღნიშნული სიხშირე 9 მილიონად მოიპოვა.
საინტერესოა, როგორ განვითარდება საკომუნიკაციო ბაზარზე პროცესები მომავალში. ჩვენ მოვლენებს თვალს მივადევნებთ და ანალიტიკურ სტატიებს მომავალშიც შემოგთავაზებთ.წყარო: info9.ge
მასალის გამოყენების პირობები






