გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ელჩმა, კახა იმნაძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.
იმნაძემ გაეროს ტრიბუნიდან თქვა, რომ "ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადაიქცა ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება".
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საფრთხეების ნათელი მაგალითია საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილი.
"რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები აქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება. 22 თებერვალს სამოქალაქო პირის არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა მოხდა, თუმცა მისი ცხედარი საოკუპაციო ძალებმა ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადმოსცეს. სამედიცინო ექსპერტიზამ მისი წამების დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოავლინა, საქართველოში გაეროს სამშვიდობო მისიის შეწყვეტამ, რაც ამ საბჭოს ერთ-ერთი წევრის ვეტოს გამოყენებამ განაპირობა, შექმნა საერთაშორისო ყოფნის ვაკუუმი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, გადააქცია ისინი შავ ხვრელებად ადამიანის უფლებების დარგში. ეს ვითარება აჩვენებს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების შეთანხმებების საჭიროებას როგორც ეს 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ამ დრომდე მოლაპარაკებები ამ საკითხზე მოჩვენებითია,"- განაცხადა კახა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






