პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, დღევანდელი აუქციონი ხელისუფლებისთვის გზავნილი უნდა იყოს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ ჩვენი ერთიანობით, ჩვენი ძალა ერთობაშია. ხალხის ძალას ვერაფერი დაუპირისპირდება. 20020 ლარი ეს არის ფასი, რომელიც დაფიქსირდა და ეს სიმბოლურია მართლაც, იმიტომ რომ 2020 წელს ჩვენ ნამდვილად გავისტუმრებთ ხელისუფლებას, რომელიც არ უსმენს ხალხს და მხოლოდ თავისი თავის და ერთი ადამიანის პირობები აინტერესებს. აბსოლუტურად მშვიდობიანად, არაძალადობრივი მეთოდით, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გამარჯვებებით ჩვენ საქართველოს მოვუტაბთ ძალიან დიდ წარმატებას. ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ეს ხე რომელიც ჩვენ დავუტოვეთ ხალხს, იქნება სიმბოლო ახალი საქართველოსი, ქვეყნის განვითარების და გამარჯვების.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, 300 წლის ევკალიპტის ხეზე გამოცხადებული აუქციონი ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდა. ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, სწორედ ამიტომ აუქციონში მონაწილეობა „დმანისის გადარჩენის ფონდმაც“ გადაწყვიტა. ოპოზიციაში აცხადებენ, მათი ქმედება „ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს, რომ წინ აღუდგეს ივანიშვილის მიერ მთელი ქვეყნის ქონების და ბუნების მითვისებას.
მასალის გამოყენების პირობები






