27 მეტრიანი ევკალიპტის ხეზე გამოცხადებული აუქციონში ოპოზიციის გამარჯვებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ივანიშვილისთვის გაგზავნილ მძლავრ გზავნილს უწოდებს. მელიას თქმით ოპოზიციამ ივანიშვილის გამოწვევა მიიღო და მის ქმედებებს მათ ხელთ არსებული ყველა ხერხით დაუპირისპირდება, მთავარი იარაღი კი ამ ბრძოლაში ხალხის მხარდაჭერაა:
„დღეს ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მძლავრი გზავნილი გაუგზავნა, რომ არცერთ მსგავს გადაცდომას არ დაუშვებს და არ ვაპატიებთ. ბოლომდე მოგყვებით, გამოწვევა მიღებულია. აღვკვეთავთ ყველაფრით რაც ჩვენ ხელთაა. ჩვენს ხელთ კი ხალხის მხარდაჭერაა და ეს მთავარი ინსტრუმენტია.“- განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, 300 წლის ევკალიპტის ხეზე გამოცხადებული აუქციონი ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდა. ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, სწორედ ამიტომ აუქციონში მონაწილეობა „დმანისის გადარჩენის ფონდმაც“ გადაწყვიტა. ოპოზიციაში აცხადებენ, მათი ქმედება „ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს, რომ წინ აღუდგეს ივანიშვილის მიერ მთელი ქვეყნის ქონების და ბუნების მითვისებას.
მასალის გამოყენების პირობები






