რუსული არმია ჩვენს საზღვრებთან და ახალი საავტომობილო გზები
პოლიტიკა - 16:07, 27 Mar, 2018     10545
რუსეთის 58-ე არმია, კავკასიონის ქედის გასწვრივ განლაგდება. კავკასიონზე უკვე არსებულ გადმოსასვლელებს კიდევ ორი მიმართულება ემატება, არსებულები კი ფართოვდება. რუსული ინტერვენცია კიდევ უფრო მარტივი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღარ არის მკვეთრად ანტირუსული ხელისუფლება და ხშირად კოლაბორაციონიზმის ეჭვებიც კი ჩნდება ოფიციალური თბილისის მიმართ, რუსეთი ჩვენს მიმართულებაზე ყურადღებას არ ადუნებს და ისევ აქტიურად აძლიერებს საქართველოს დამსჯელ 58-ე არმიას.

58-ე არმია შედის სამხრეთ სამხედრო ოლქში, რომლის პასუხისმგებლობის ზონაშია ასევე უკრაინა და ანექსირებული ყირიმი. ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში, თუკი რამ ახალი ტექნიკა გამოუშვა რუსულმა სამხედრო წარმოებამ, პირველ რიგში, სწორედ ამ სამხედრო ოლქში დისლოცირებულ ნაწილებს გადაეცათ, რომელთა შესახებაც ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას, თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ამავე ოლქის სამხედრო ნაწილები, გადიოდნენ ყველაზე აქტიურ წვრთნებს და ითვლება რომ რუსეთის არმიის ის შემადგენელი ნაწილებია ყველაზე ბრძოლისუნარიანი, რომლებიც სამხრეთ სამხედრო ოლქში ერთიანდებიან.

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლექსიკაში, ძალიან ხშირად გაიგებთ ფრაზას - "NATO-ს შეკავება", რომელიც ერთნაირი წარმატებით გამოიყენება, როგორც ბალტიის ქვეყნების მიმართულებაზე, ისე უკრაინისა და ახლა უკვე, საქართველოს მიმართულებაზეც. ეს ერთის მხრივ ნიშნავს იმასაც, რომ NATO-ს საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული გეგმები აქვს და ამ გეგმების შესახებ იციან რუსებმაც. თუმცა ეს სხვა საკითხია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, NATO-ს საქართველოსთან დაკავშირებულ შესაძლო გეგმებზე ამ სტატიის ფარგელებში ვერ ვისაუბრებ.

გასული თვის შუა პერიოდიდან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები აძლიერებენ 58-ე არმიას მოტომსროლელი დივიზიებით, რომლებიც მიიღებენ БМП-3-ბსა და მოდერნიზებულ ტანკებს Т-72БЗ-ს (რაოდენობა არ კონკრეტდება). აღნიშული დივიზების განთავსება მოხდება კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ვლადიკავკაზსა და დაღესტანში, სოფელ ბალტიხში. წყარო.

შესაძლოა, მკითხველს აღნიშული ლოკაციების დასახელება არაფერს ეუბნებოდეს, თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის. რუსული არმიის ეს ნაბიჯი, კონკრეტულად საქართველოსთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, და აი რატომ:

ზემოთ დასახელებული, დაღესტანის რესპუბლიკის სოფელი ბალტიხი, საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, იმ გზის მიმდებარედ მდებარეობს, რომელიც ავარეთ-კახეთის გზატკეცილად არის ცნობილი და რომლის მშენებლობაც საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, "Дагавтодор"-ის მიერ. ამ გზისა და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ, ჯერ კიდევ 2014 წელს ვწერდი (ბმული), როდესაც პირველად გახდა ცნობილი აღნიშნული პროექტის განხორციელების შესახებ. მაშინ, ხელისუფლებაში მყოფი მაღალი ჩინები, ერთ ხმაში გვიმტკიცებდნენ რომ ავარეთ-კახეთის გზა, ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე შეტანას გაამარტივებდა და კახელ გლეხებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა, თუმცა იმას არავინ ამბობდა, რომ ძალიან დიდ საფრთხესაც წარმოადგენს და სოფელ ბალტიხში მოტომსროლელი ნაწილის განთავსება, ამ საფრთხის პირველი რეციდივია.

საქართველოდან გავა ყურძენი, ღვინო, ხოლო საპირისპიროდ შემოვა რუსული ტანკი, არმიის თანხლებით...

თავად ის ფაქტი, რომ ავარეთ-კახეთის გზის პროექტზე საქართველოში არავინ საუბრობს და დიდი ხანია დავიწყებას არის მიცემული, რაც ძალზედ შემაშფოთებელია. ამ პროექტის დაწყებისთანავე, თავად დაღესტანში, სამუშაოების მწარმოებლებზე თავდასხმა მოხდა და მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ვაგონები დაწვეს. თავდამსხმელებმა, დასაქმებულ მუშებს არაფერი დაუშავეს, თუმცა ის კი უთხრეს რომ ეს გზა არავის სჭირდებოდა, გარდა რუსეთის არმიისა და გააფრთხილეს, რომ სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, ისინი კვლავ დაბრუნდებოდნენ (ბმული). რა თქმა უნდა ამ ეპიზოდის გამო, ასეთი მაშტაბის მშენებლობას არავინ შეაჩერებდა და შესაბამისად, მისი მშენებლობა ძალზედ აქტიურად მიმდინარეობს აგერ უკვე ოთხი წელია.

კახეთი, საქართველოსთვის ერთგვარი ზურგია, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში, თბილისადან და მისი შემოგარენიდან მოსახლეობის ბრძოლის უუნარო ნაწილი უნდა გავხიზნოთ. ამ გზის მშენებლობით კი ასეთ მნიშვნელოვან ფუნქციას ვუკარგავთ კახეთს და ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ნაწილს, თავშესაფარის გარეშე ვტოვებთ!

გარდა ავარეთ-კახეთის გზისა, ანალოგიური ან კიდევ უფრო მეტი ხარისხის საფრთხეს წარმოადგენს ვლადიკავკაზში, ასევე მოტომსროლელი ნაწილების განთავსება, რომელიც დაღესტანში განთავსებული ნაწილებისგან განსხვავებით გაცილებით დიდი მაშტაბისაა, რადგან გამოცემა "pravda.ru"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ იქ შეკეთდება და აშენდება "სამხედრო ქალაქი"!(ბმული) შესაბამისად, ზემოთ დასახელებული მოტომსროლელი დივიზიების გარკვეული ნაწილი, განთავსდება ამ ლოკაციაზეც. ამ პროცესის პარალელურად, რამდენიმე დღის წინ ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალი გვირაბის მშენებლობას ანხორციელებს, ქვეშეთი-კობის მიმართულებაზე წყარო, რომელიც აღნიშნული ბაზებიდან (ვლადიკავკაზი) რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს და როგორც ვიცით, ყაზბეგის რაიონში საქართველოს არ ჰყავს შეყვანილი ისეთი მაშტაბის საჯარისო ნაწილი (საერთოდ არ ჰყავს), რომელიც შესძლებს საჭიროების შემთხვევაში, შეაფერხოს რუსული ტექნიკისა და არმიის ნაწილების გადაადგილება ახალი, კობი-ქვეშეთის გვირაბამდე, რაც ნიშნავს იმას რომ რუსული საზღვარი მლეთასთან გადმოიწევს. მით ადვილია ამ გეგმის განხორციელება მაშინ, როდესაც სტეფანწმინდიდან ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტამდეც გაფართოვდა და აიგო ახალი გზა. რაც რუსებს აშკარა უპირატესობას აძლევს და აჩენს ძალიან დიდ რისკს, რომ უეცარი მარშით, რუსული ტექნიკა სრულად მოწყვეტს დანარჩენი საქართველოსგან ყაზბეგის რაიონს და მათ შორის გუდაურს. ეს შიშები, ასევე განპირობებულია ოსი სეპარატისების მიერ ხშირად გაჟღერებული თრუსოს ხეობის დაუფლების სურვილით, რომლის განხორციელებაც, დიდი ალბათობით სწორედ აქ აღწერილი პროცესის გამო ეიმედებათ. შესაბამისად გამოდის რომ საქართველო, საკუთარი ხელითა და ფინანსებით, ქმნის ახალ "როკის გვირაბს", რომელიც ძალიან დიდი საფრთხეა და ომის დაწყების შემთხვევაში, ზუსტად იგივე მიზნით იქნება გამოყენებული, როგორადაც გამოყენებული იქნა როკის გვირაბი ცხინვალის რაიონის ოკუპაციისთვის.

ყაზბეგის რაიონში რუსული არმიის შემოსვლა, მათ ასევე საშუალებას მისცემს გამოიყენონ ჯუთადან როშკაში გადასასვლელი გზა (ბმული) და თბილისზე საარტილერიო დარტყმის მანძილზე გავიდნენ (პირდაპირი მანძილი 80-85კმ). ვლადიკავკაზიდან სამხედრო კოლონებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ასევე არხოტის მხრიდან არის შესაძლებელი. როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზას ბმული, ასევე ქართული მხარე აშენებს და უჩვეულოდ ფართოა ეს გზა, ვიდრე საჭიროა და რომლიდანაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე თბილისი, არტილერიის გარკვეული სახეობებისთვის, მიღწევად მანძილზეა:

როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2016 წელი. დააკვირდით მასშტაბს! ჩემი გადაღებული (ავტორი).

ზემოთ მოცემული ფოტო, მე თითონ გადავიღე 2016 წელს. გზის უჩვეულო სიფართოვეზე, თავად ადგილობრივებმა მიმითითეს და მაშინ დავფიქრდი მეც თუ რა საჭირო იყო 3300 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ერთი თუ ორი დაცლილი სოფლისათვის ამხელა გზის მშენებლობა?! თავად ადგილობრივებმა მითხრეს ისიც, რომ ასეთი "გიგანტური გზა", რუსებისთვის კეთდებაო! თანაც არ იფიქროთ რომ მხოლოდ ეს მონაკვეთია ასეთი ფართე, როშკის ზემოთ იწყება ახალი გზა და მთელს სიგრძეზე ასეთი სიგანის იყო. ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წუთში, რუსული სანომრე ნიშნებიანი ავტომობილი მოგვადგა და სრული სერიოზულობით გვკითხა - "იანდექს რუკა მიჩვენებს რომ ამ გზით რუსეთში გადავალ და ვერ ვიგნებ გზასო". როგორც მინიმუმ, უცნაური იყო ის რომ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი გზა, რუსულ სანაგავიციო სისტემაში უკვე აღნიშნული ჰქონდათ, რუს ტოპოგრაფებს!?

როგორც ზემოთ მოცემული ფაქტებიდან ხედავთ, საქართველო საკუთარი ხელით ისპობს იმ ბუნებრივ თავდაცვით ზღუდეს, რომელსაც კავკასიონის ქედი წარმოადგენს. აფხაზეთისა და ცხინვალის რაიონის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუ ავარეთ-კახეთის გზას, სტეფანწმინდა-კობი-ქვეშეთისა (მლეთა) და როშკის მიმართულებასაც დავუმატებთ, გამოდის რომ ჩვენ სრულებით დავკარგავთ კავკასიონის ქედზე კონტროლს და ქვეყნის მთელს ტერიტორიას რუსული სარაკეტო სისტემებისა და არტილერიის "პოლიგონად" ვაქცევთ!

ნურავის ექნება რუსეთის კეთილგონიერებისა და სიკეთის იმედი. ის ამ შესაძლებლობას პირველივე ხელსაყრელ ან საჭირო მომენტში გამოიყენებს.

საქართველოს მიერ, დუმილით გატარებული ვითომ სასარგებლო მშენებლობები, საქართველოს მოუსპობს თავდაცვის იმ ელემენტარულ შესაძლებლობასაც კი, რომელსაც ბუნებრივი პირობები განაპირობებს და ამ მიზეზით, საქართველო იმდენად ადვილი საკბილო გახდება რუსეთის 58-ე არმიისთვის, რომ ნებისმიერი მიზეზით შეიძლება შემოიჭრას და ქვეყნის სრული ოკუპაცია მოახდინოს!

ამ საკითხზე ხმის ამოღება და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობა, ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული და საჭიროა, საზოგადოებამ გააცნობიეროს წინამდებარე სტატიაში დასახული პრობლემა. ხელისუფლებამ კი ამ განხილვებისას (თუ ასეთი იქნება) უნდა წარმოადგინოს საფრთხეების განეიტრალების კონკრეტული გეგმა და ის შესაძლებლობები, რომელიც ქართულ არმიასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელ უწყებებს უნდა გააჩნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება ძალზედ სერიოზული ეჭვები, რუსული არმიის განლაგებასა და საქართველოში, კავკასიონის ქედზე გადასასვლელი გზების მშენებლობების სინქრონიზაციის შესახებ, რომლის მხოლოდ რუსების კეთილგონიერების იმედად დატოვება, ძალიან დიდი სიბრიყვე და მავნებლობა იქნება!


ავტორი: ლადო ჩალათაშვილი

წყარო: https://ladoch.blogspot.com/2018/03/blog-post_26.html





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42