თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეგულაციები, რომელიც თბილისში სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მოძრაობას გულისხმობს, დედაქალაქში საცობების პრობლემას სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს:
„როცა ვიწყებთ პრობლემის გადაჭრას და კონკრეტული პროექტის განხორციელებას, ჩნდება კიდევ სხვა პრობლემა. მაგალითად, მიმაჩნია, რომ სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება პრობლემაა დღის განმავლობაში, ქმნიან შეფერხებებს და ა.შ. როცა კონკრეტულ ბიზნესს, კონკრეტულ ადამიანს ეხება საქმე, მაშინვე იწყება საუბარი, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება. ასე ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
მისი თქმით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა რეგულაციების განხორციელება, რომელიც მერიის მიერ არის წარდგენილი.
„ანალოგიური გავაკეთეთ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებთან მიმართებაში, კონკრეტული ქუჩებია მითითებული, სადაც მძღოლები ვალდებულნი არიან მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ მიკროავტობუსი. ასევე, ანალოგიური მიდგომა გვქონდა „თბილსერვის ჯგუფთან“ ნარჩენების გატანის თვალსაზრისით, მათ აქვთ ვალდებულება ღამის საათებში გაიტანონ ნარჩენები. იგივეა სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით. არ მგონია, ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. ხალხია დასამატებელი? კეთილი ინებობ და დაამატონ, აქ საუბარია ქალაქის კეთილდღეობაზე და ადამიანების კომფორტზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები






