კრწანისში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრში სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამედიცინო კომპონენტის, სამედიცინო უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი 2017 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო და 23 კვირა გაგრძელდა. კურსის განმავლობაში მსმენელებმა საერთო საჯარისო დისციპლინები შეისწავლეს და ბრძოლის ველზე დაშავებულისთვის დახმარების აღმოჩენის, ასევე, სამხედრო ჰიგიენასა და სამედიცინო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საჭირო უნარები განავითარეს.
კურსდამთავრებულებმა ექვსკვირიანი ზოგადი საექიმო გადამზადება გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარეს.
დღესვე, ოფიცრებს კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ. ისინი შესაბამის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და მიღებულ ცოდნას შემდგომ საქმიანობაში გამოიყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები






