პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, 2020 წელს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვება და საარჩევნო ბარიერის დაწევა მცირე პოლიტიკური პარტიებისთვის მანდატების მოპოვებისა და გაძლიერების შესაძლებლობაა.
„ბარიერიც დაწეულია 3%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ პატარა პოლიტიკური პარტიებისთვის გახდება შესაძლებელი საპარლამენტო მანდატების მოპოვება. ამ გარდამავალ ეტაპზე, 2020 წლიდან შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბლოკების სახით იყვნენ წარმოდგენილი საპარლამენტო პროცესში.“- განაცხადა ეკა ბესელიამ. დეპუტატის თქმით, კონსტიტუციური რეფორმით საპარლამენტო მოდელი გაძლიერდება.
საკონსტიტუციო ცვლილებებს შექმნილი ვითარების შელამაზების მცდელობად აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, მისი თქმით მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მთავარი წინადადება, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სწრაფ გადასვლას უკავშირდებოდა:
„ვენეციის კომისიის მთავარი წინადადება იყო, რაც შეიძლება სწრაფად გადასვლა სრულად პროპორციული არჩევნების სისტემაზე, დანარჩები ყველა ცვლილება, რომელიც დღეს უმრავლესობის მიერ დამტკიცდება, არის შელამაზება იმ ვითარებისა, რომელიც შეიქმნა როდესაც ხელისუფლებამ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ მოარგო საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს, იმის ნაცვლად რომ გაეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის ხედვა.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის თქმით, ის ფაქტი რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ასე სწრაფად გახდა საჭირო, ადასტურებს იმას, რომ თავის დროზეც არასწორი და სერიოზული პრობლემებით იქნა მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები:
„ფაქტი, რომ კონსტიტუციის მიღებიდან ფაქტობრივად ერთი თვის შემდეგ, უმრავლესობა ცვლის კონსტიტუციას, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს კონსტიტუცია იყო სრულიად არასწორი და სერიოზული პრობლემებით მიღებული. რასაც შეშფოთებით შეხვდა როგორც საერთაშორისო ასევე ქართული საზოგადოება“- განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, დღეს მისაღები ცვლილებების თანახმად, პრინციპული ხასიათის ცვლილება ეხება ე.წ. ბონუსის სისტემას. კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ხდება ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება. შესაბამისად: „პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.“ ბონუსის სისტემის გაუქმებიდან გამომდინარე, კონსტიტუციიდან ხდება რამდენიმე პუნქტის ამოღება. აღნიშნული ცვლილებით ხდება მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა;
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ;
50-ე მუხლში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ეხება, ხდება ტერმინოლოგიური ცვლილება, კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ იცვლება ტერმინით -„საარჩევნო კოლეგიის წევრით“;
მასალის გამოყენების პირობები






