მმართველი გუნდის თქმით კანონპროექტის მიზანია ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების ასახვა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში.
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად:
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე“;
ცვლილებები შედის კონსტიტუციის მე-16 მუხლში, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები საკითხებს არეგულირებს.
საუნივერსიტეტო ავტონომიის შესახებ ჩანაწერი ემატება 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, შესაბამისად, უზრუნველყოფილია აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია;
პრინციპული ხასიათის ცვლილება ეხება ე.წ. ბონუსის სისტემას. კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ხდება ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება. შესაბამისად: „პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.“ ბონუსის სისტემის გაუქმებიდან გამომდინარე, კონსტიტუციიდან ხდება რამდენიმე პუნქტის ამოღება. აღნიშნული ცვლილებით ხდება მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა;
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ;
50-ე მუხლში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ეხება, ხდება ტერმინოლოგიური ცვლილება, კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ იცვლება ტერმინით -„საარჩევნო კოლეგიის წევრით“;
ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება;
კიდევ ერთი ცვლილება საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






