ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ბელარუსის ქალაქ ჟოდინოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
ორმხრივ შეთანხმებას ხელი რუსთავის მერის მოადგილემ, დავით კეკელიძემ და ჟოდინოს საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, იური შარიმ მოაწერეს.
მემორანდუმი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილი ,,ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების"ფარგლებში გაფორმდა.
მემორანდუმი ორ ქალაქს შორის ეკონომიკის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ვაჭრობის, ასევე, მეცნიერებისა და განათლების, კულტურისა და ხელოვნების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს.
23 მარტს, ბელარუსის ქალაქ ჟოდინოს საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე რუსთავს ეწვევა.
იური შარი რუსთავის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ბელარუსი სტუმარი ადგილზე გაეცნობა რუსთავის იუსტიციის სახლსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებს, დაათვალიერებს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს, ქალაქის ისტორიულ მუზეუმს, კოსტავას გამზირსა და კულტურისა და დასვენების პარკს.
მასალის გამოყენების პირობები






