სამართლის ექსპერტი “ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული სამხედროს ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, მოპასუხე მხარე რუსეთის ფედერაცია იქნება.
ალაფიშვილი სტრასბურგის გარდა, საქმეში ჰააგის ტრიბუნალის ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო, არასასამართლო ფორმატებიც ეფექტურად გამოიყენოს.
"ამ შემთხვევაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მხარედ შეიძლება გამოვიდეს არა სახელმწიფო, არამედ ტატუნაშვილის ოჯახი და მათი ინტერესების დამცველი. სახელმწიფო შეიძლება მათ დაეხმაროს. სტრასბურგის სასამართლოში მოპასუხე მხარე იქნება ის სახელმწიფო, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. ეს გარკვეულწილად იგივე ტიპის სარჩელი იქნება, რომელიც წარდგენილია 2008 წლის ომთან დაკავშირებით. როდესაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სწორედ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოამზადეს და წარადგინეს იმ მოქალაქეთა სარჩელები, რომლებიც დაზარალდნენ. ამ შემთხვევაში მოპასუხე არის რუსეთის მხარე.
სწორი გზავნილი და სწორი პოზიციაა, რომ იმ მწირ საერთაშორისო ფორმატებში და მექანიზმებში, რომელიც დღეს საერთაშორისო სამართლებრივ დღის წესრიგში არსებობს, ყველა რესურსი იქნას გამოყენებული. ეს იქნება ჰააგის ტრიბუნალი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თუ სხვა, სასამართლო თუ არა სასამართლო ფორმატები. ანუ ის რესურსი, რომელიც სამწუხაროდ ვერ არის ეფექტურად გამოყანებული, გაეროს ფორმატში წლების განმავლობაში, ცნობილი ფაქტის (ვეტოს ფაქტორის) გამო, პროგრესი არ არის, არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ ამ ყველაფერმა, საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო წესრიგი ჩიხში შეიყვანა. ამის გარდა, ვერ ვიტყვით, რომ ბევრი, მაგრამ არის დარჩენილი სხვა მექანიზმები, ყველა მათგანის გამოყენება და ამ მიმართულებით აქტიურობა ძალინ მნიშვნელოვანია. იქნება ეს სახელმწიფოთაშორისი თუ ადამიანის უფლებების კუთხით, სადაც მოპასუხე მხარე , არის ოკუპანტი ქვეყანაა, რუსეთის ფედერაცია აგებს პასუხს საერთაშორისო სამართლებრივი წესით"- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საკითხზე კომენტირებისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, გამოძიების ეტაპზე ყველა ხერხს უნდა მიმართოს, რომ საქმე საერთაშორსო ინსტიტუტებში გამართულად წავიდეს.
"იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე საუბარია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე, ქართულ მხარეს ჯერ გამოძიება არ დაუსრულებია, ამიტომ რაიმე მიმართულებაზე, როგორი უნდა იყოს, ვინ უნდა ჩაერთოს გამოძოების პროცესში, ამაზე საუბარი ადრეა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება, საგამოძიებო ორგანოები, თუკი ამის საჭიროება დადგა, მცირედი ეჭვის გამოსარიცხადაც კი, გამოიყენებენ ყველა საერთაშორისო საშუალებას, რომ საქმე გამართულად წავიდეს, როგორც ქართულ სასამართლოში, ისე საერთაშორისო ინსტიტუტებში - სტრასბურგი იქნება ეს, ჰააგა თუ სხვა. კარგია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდეს ჩვენს მთავრობასა და საზოგადოებაში, მხედველობაში მაქვს საექსპერტო და არასამთავრობო ორგანიზაციები. სწორედ ამ სინერგიით, ერთიანი გაძლიერებული პოზიციით შესაძლებელი გახდება, პროგრესის მიღწევა დეოკუპაციის თვალსაზრისით. არ ვამბობ, რომ მყისიერი რეაქცია იქნება, სამართლებრივი თვალსაზრისით, თუმცა ჰააგასა და სტრასბურგში ამ სამქმეს პერსპექტივა აქვს“, - განმარტა ლევან ალაფიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ადასტურებს, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დიპლომატიურ მისიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე კარგად იმუშავა, ასევე პრეზიდენტი მიესალმა იმ ერთსულოვნებას, რომელიც პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუზიასთან მიმართებაში გამოიჩინა, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ კიდევ ერთი მექანიზმი უნდა გამოიყენოს და რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს.
35 წლის სამხედრო, მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ახალგორში, ორ სხვა ქართველთან ერთად, დააკავეს. მომდევნო დღეს კი, საოკუპაციო რეჟმმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ ტატუნაშვილი სასტიკად ნაწამებია.
მასალის გამოყენების პირობები






